გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


9/27/2020

ნეო შამანიზმი საქართველოში - სულთა სამყაროში მოგზაურობიდან ურბანულ სივრცემდე

სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე რელიგიის კველევების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნის შესაბამისად

რელიგიის კვლევები

სამეცნიერო ხელმძღვანელი: დოქტორი სოფიკო ზვიადაძე  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020

განაცხადი

როგორც წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორი ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ, ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული, ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

ნინო ანდღულაძე

24.06.2020


აბსტრაქტი

ნეო-შამანიზმი არის იმ რწმენებისა და პრაქტიკების ერთობლიობა, რომელიც თანამედროვე ურბანული სივრცის მცხოვრებლებმა შამანიზმის უძველესი ფორმებისგან შეითვისეს. დღეს ის გარდაქმნილი ფორმით „ახალი სპირიტუალიზმის“ სახით გვხვდება. მოძრაობა, რომელიც ამერიკასა და ევროპაში 1960-იან წლებს უკავშირდება, დღეს პოპულარული ხდება ქართველ ახალგაზრდებში. ინტერესს ტრანსცენდენტული გამოცდილების მიღების გარდა იწვევს ამ პრაქტიკების კავშირი ჰალუცინოგენ მცენარეებთან. ნაშრომში შესწავლილია საქართველოში ნეო-შამანიზმის სხვადასხვა ფორმები, რომელთა გამოვლენაც ხდება მიმდევართა მიერ როგორც საჯარო, ისე პრივატულ სივრცეებში. ახალგაზრდებში ნეო-შამანიზმის პოპულარობა შესწავლილ იქნა შამანიზმისა და ალტერნატიული სპირიტუალიზმის კონცეპტების ჭრილში. კვლევის საფუძველზე პასუხი გაეცა კითხვებს: ნეო-შამანიზმის რა ფორმები გვხვდება თანამედროვე საქართველოში, როგორია შამანის როლი, რა გავლენას ახდენს შამანიზმის ფილოსოფიის გაზიარება ქართველი ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რამდენად მოგვცა ურბანულმა შამანიზმმა, როგორც სპირიტუალიზმის მიმართულებამ, მოდერნულ საზოგადოებასთან შერწყმის ხარჯზე გართობის ახალი ფორმა და არის თუ არა ის დაკავშირებული სულიერებასთან, შეცვლილ ცნობიერებასთან, ექსტაზურ რელიგიურ გამოცდილებასთან. კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ ურბანულ სივრცეებში არსებობს ნეო-შამანიზმის პრაქტიკების ჯგუფური და ინდივიდუალური გამოვლინებები. აბორიგენული შამანიზმისგან განსხვავებით შეცვლილია შამანის როლის აღქმა. პრაქტიკები მორგებულია თანამედროვე ადამიანის ინდივიდუალისტურ ხედვას. ახალგაზრდებისთვის ნეო-შამანიზმი არის როგორც გართობის, ისე სულიერი განვითარების გზა. იგი მათ ეხმარება ისეთ ფსიქოლოგიურ, თუ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაშიც, როგორებისაა სტრესი, უმუშევრობა და ბულინგი.

ძირითადი საძიებო სიტყვები: ნეო-შამანიზმი, შამანი, ალტერნატიული სპირიტუალიზმი, ფსიქოდელური ნივთიერებები, შამანური მოგზაურობა, ახალგაზრდები


Abstract

Neo-shamanism is a collection of beliefs and methods, which have been adopted from the ancient forms of shamanism and transformed by the modern urban dwellers. Nowadays, it is presented as a ,,New Age’’ spirituality. With globalization, the movement which was associated with the 1960-s in Europe and America is becoming popular among Georgian young generation. Apart from having transcendental experience, this increasing interest could be related to the use of hallucinogen plants within the shamanic practices. The present research paper studies the different forms of Neo-shamanism in Georgia, which can be observed in a public as well as in private spaces. The popularity of Neo-shamanism among young generation has been studied under the concepts of alternative spirituality and shamanism. The research addressed the following questions: What forms of neo-shamanism is presented in modern Georgia? What is the role of shaman? How does the philosophy of Neo-Shamanism impact young people’s lives? To what extend has urban shamanism as a direction of spirituality gave us a new form of entertainment at the expense of merging with modern society and how is it related to spirituality, altered states of consciousness, and ecstatic religious experience? The present research has revealed that Neo-Shamanism is practiced in groups as well as individually within Georgian urban spaces. In contrast with aboriginal shamanism, the perception of the shamanic figure has been changed. Techniques are transformed and tailored to the individualistic view of a modern human being. For the young generation, Neo-Shamanism is a way of entertainment, as well as a path to spiritual development. Neo-shamanic practices help them to overcome psychological and social problems, such as: stress, youth unemployment and bullying.

Key words: Neo-Shamanism, Shaman, Alternative Spiritualism, Psychedelics, Shamanic journey, Young people


სარჩევი

შესავალი .......................................................................................................................1X

1. ნაშრომის მიზანი, პრობლემატიკა და თემის აქტუალობა ..........................................................................................................................................3X

2. თეორიული ჩარჩო და მეთოდოლოგია ...............................................................7X

2.1 სპირიტუალიზმის ცნების მნიშვნელობა და მისი ტრანსფორმაცია მოდერნულ სამყაროში.......................................................................................................................7X

2.2 ალტერნატიული სპირიტუალიზმი და კონსუმერული საზოგადოება ........................................................................................................................................13X

2.3 ნეო-შამანიზმი და მისი სოციალური ისტორია .............................................15X

2.4 შამანის ფიგურა და მისი როლი ნეო-შამანიზმში..........................................21X

2.5 ურბანული შამანიზმი, როგორც გართობის საშუალება....................................................................................................................26X

2.6 ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებების მოხმარება, როგორც შამანიზმის ერთ-ერთი პრაქტიკა და სამართლებრივი შეზღუდვები .......................................................27X

2.7 მეთოდოლოგია ...................................................................................................29X

3. ნეო-შამანიზმი საქართველოში ..........................................................................31X

3.1 შამანიზმის პრაქტიკების ძიება საქართველოში............................................31X

3.2 ნეო-შამანიზმის გამოვლინების სივრცეები და სიმბოლიკა .......................................................................................................................................33X

3.3 კანონთან ურთიერთობის პრობლემები ........................................................ 41X

3.4 შამანის როლის აღქმა ნეო-შამანიზმით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს შორის................................................................................. .........................................43X

3.5 ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკები: კაკაოს ცერემონია; მაგიური პასები; სიზმართხილვა; ინტერნეტ პრაქტიკები ..............................................................49X

3.6 ტრანსცენდენტული გამოცდილებები ............................................................55X

4. ნეო-შამანიზმით დაინტერესებული საზოგადოება საქართველოში .......................................................................................................................................56X

4.1 სპირიტუალიზმით დაინტერესების მიზეზები ...........................................56X

4.2 ცხოვრების წესი და ღირებულებები...............................................................58X

4.3 რელიგიის მიმართ დამოკიდებულება...........................................................59X

დასკვნა ......................................................................................................................61X

ბიბლიოგრაფია ........................................................................................................65X

დანართი ...................................................................................................................70X

1X


შესავალი

სულების სამყაროს არსებობის იდეა და მისდამი ადამიანის ინტერესი ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობის ისტორია. სურვილი, რომ კომუნიკაცია დაემყარებინათ მიღმიერ სამყაროსთან შესამჩნევია როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ რელიგიურ ტრადიციებში. მიღმიერ სამყაროსთან კომუნიკაციის სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდა 1840-1850-იან წლებში ამერიკასა და ევროპაში. ამის შედეგად სათავე აიღო სპირიტუალურმა მოძრაობამ. იგი ხასიათდებოდა სხვადასხვა რელიგიური და ეზოთერული ცოდნებისადმი გაზრდილი ინტერესით, ექსპერიმენტული მიდგომებით ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართ.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ და გლობალიზაციის პროცესმა სპირიტუალიზმი, მისი ფილოსოფია და თანმდევი პრაქტიკები მიმზიდველი გახადა ქართველი ახალგაზრდებისთვისაც.1 ეს გამოიხატება აღმოსავლური და ეგზოტიკური რელიგიებისა და ფილოსოფიების მიმართ გაზრდილ ინტერესში. თბილისში ყოველწლიურად მატულობს იოგისა და მედიტაციის ცენტრები; ჩნდება ადგილები, სადაც შესაძლებელია ისეთ მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვა როგორებიცაა: შამანური პრაქტიკები, ტაროლოგიური კონსულტაციები, ექსტაზური ცეკვები, ჰოლოტროპული სუნთქვა, ჩაის სმის ძენური ცერემონია, ტარდება ფენ-შუის, ასტოლოგიის სემინარები, პოპულარული ხდება ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდები და სხვა.

საკმაოდ სწრაფად იზრდება ქართულ ენაზე თარგმნილი სპირიტუალური ლიტერატურის მოცულობა. ასევე საიტები და გვერდები სოციალურ ქსელებში,

1 კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის - CRRC. (2012) მონაცემებზე დაყრდნობით, თუ 2011 წელს თბილისში ინტერნეტ მოხმარების მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა, მომდევნო წელს იგი 46%-მდე გაიზარდა

2X


რომლებიც ავრცელებენ სხვადასხვა ხარისხის ეზოთერულ ლიტერატურას. ამის კარგი მაგალითია პლატფორმა magma.ge (18000-ზე მეტი გამომწერი facebook-ზე), ეზოთერიუმის facebook ჯგუფი (78000 წევრით), კატოს ტაროლოგიის Youtube გვერდი (ვიდეოების ნახვის საერთო რაოდენობა მილიონს აჭარბებს), ფენ შუის facebook ჯგუფი (12000 წევრით).2 საკმარისია გადავხედოთ ამ გვერდებს, ჯგუფებს, ქართულ ეზოთერულ და რელიგიურ ფორუმებს, მათი ზრდის დინამიკას და ეჭვსაც აღარ შევიტანთ, რომ რომანტიზების აურაშია მოქცეული და ქართველ ახალგაზრდებში ინტერესს იწვევს სპირიტუალიზმი და განსაკუთრებით მისი თანამედროვე ფორმა - ალტერნატიული სპირიტუალიზმი.

ნაშრომი მიზნად ისახავს შეისწავლოს ალტერნატიული სპირიტუალიზმის ერთ-ერთი გამოვლინება - კერძოდ, ნეო-შამანიზმი. გაანალიზოს როგორი სახით გვხვდება ის საქართველოში, კონკრეტულად რა შამანური პრაქტიკებია პოპულარული და რა არის ამის მიზეზები როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე.

ჩემთვის ამ თემის არჩევის პიროვნული მიზეზი იყო გაკვირვება, რომელმაც მე, როგორც სპირიტუალიზმით დაინტერესებულ ადამიანს, გამაცნო შამანიზმის ფენომენი. ერთ-ერთ მედიტაციურ პრაქტიკაზე, რომელსაც უკვე წლებია ვესწრები, შევნიშნე, რომ ახალი ადამიანები, რომლებიც გვიერთდებოდნენ, აწმყოში, ან წარსულში მოიხმარდნენ სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას, ფსიქოდელურ ნაერთებს და სოკოებს, რომლებსაც ცნობიერების მდგომარეობის შეცვლის ეფექტი აქვთ.

უამრავ სამედიტაციო აშრამში,3 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალულია ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება. მხოლოდ მას შემდეგ რთავენ ადამიანს ნებას აკეთოს სხვადასხვა ენერგეტიკული პრაქტიკები, რაც ტესტის საფუძველზე დადასტურდება მის სხეულში მსგავსი ნივთიერებების არარსებობა. შესაბამისად, ჩემთვის უცნაური იყო, რომ ადამიანთა ნაწილი, ვინც საქართველოში მედიტაციის პრაქტიკით ინტერესდება დაკავშირებულები არიან ნარკოტიკული საშუალებების

2 2020 წლის მაისის თვის მონაცემებით

3X


მოხმარებასთან. ამ ჯგუფის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ე.წ ,,ქლაბერები’’, რაც თანამედროვე გართობის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა კავშირია გართობას, ნარკოტიკულ ნივთიერებებსა და სპირიტუალიზმს შორის.

მსოფლიო რელიგიის ისტორიაში გვხვდება ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ არსებობენ რელიგიური დენომინაციები, რომლებიც თავიანთი სულიერი ზრდის გზაზე იყენებენ ცნობიერების შემცვლელ ნივთიერებებს. შესაძლებელია ვისაუბროთ საქართველოში ასეთი ჯგუფის არსებობაზე?! ეს იყო ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც გამიჩნდა. პასუხის ძიებამ მიმიყვანა შამანიზმის ფენომენთან და გახდა ,,ქართულ ნეო-შამანიზმზე’’ უფრო ღრმა კვლევის დაწყების საფუძველი.

1. ნაშრომის მიზანი, პრობლემატიკა და თემის აქტუალობა

ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს შამანიზმის რა ფორმები გვხვდება საქართველოში. ხდება თუ არა პრაქტიკებში ფსიქოდელური ნივთიერებების გამოყენება, როგორია შამანის როლი და რა გავლენას ახდენს შამანიზმის ფილოსოფიის გაზიარება ქართველი ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რამდენად მოგვცა ურბანულმა შამანიზმმა, როგორც სპირიტუალიზმის მიმართულებამ, მოდერნულ საზოგადოებასთან შერწყმის ხარჯზე გართობის ახალი ფორმა და არის თუ არა ის დაკავშირებული სულიერებასთან, შეცვლილ ცნობიერებასთან, ექსტატურ რელიგიურ გამოცდილებასთან.

ნაშრომის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს, რომ ქართული მაგალითის შესწავლის საფუძველზე გამოთქვას ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, თუ რელიგიურობის როგორი

3 აშრამი - ადგილი, რომელიც არის, ან იყო გურუს რეზიდენცია და რომელსაც მორწმუნეები იყენებენ რელიგიური მიზნებისთვის. (ავტორის განმარტება)

4X


ფორმები შეიძლება გახდეს ,,მოთხოვნადი’’ მოდერნულ სამყაროში საზოგადოებრივი ფოკუსის ცვლილებასთან ერთად.

კვლევის დასაწყისში მიმოხილული იქნება სპირიტუალიზმი და მასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა განხილვაც აუცილებელია ნეო-შამანიზმის შესწავლისთვის.

კვლევის მიზნების მისაღწევად გამოკვლეული იქნება ისეთი შამანური პრაქტიკები, როგორებიცაა: კაკაოს ცერემონია, მაგიური პასები, სიზმართხილვა და შამანიზმის ინტერნეტ -პრაქტიკები.

ნაშრომი მოიცავს დიგიტალური სივრცის კვლევასაც, რომელიც განხილავს რამდენიმე ქართულ ეზოთერულ გვერდს და ფორუმს (magma.ge; olmek.ru და სხვა). კვლევის პროცესი მოიცავს ჩართულ და ჩაურთველ დაკვირვების მეთოდს, ონლაინ კვლევას, სიღრმისეულ ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფს.

ნაშრომის მთავარი კითხვებია: რა ფორმის შამანიზმი არსებობს დღევანდელ საქართველოში? რას მოიცავს პრაქტიკები? როგორია მათი გამოვლინების სივრცეები? რა არის შამანური პრაქტიკით დაინტერესების მიზეზები საქართველ ახალგაზრდებში? რა არის შამანის როლი სულიერი განვითარების გზაზე? როგორი სახის შეზღუდვებს აწყდებიან სამართლებრივი კუთხით ნეო-შამანიზმით დაინტერესებული ადამიანები საქართველოში?

თემის პრობლემატიკა მდგომარეობს ნეო-შამანიზმისადმი ამბივალენტურ დამოკიდებულებაში, რომელიც ერთის მხრივ, მოიაზრებს მის რომანტიზებას დაინტერესებულ ახალგაზრდებს შორის, ხოლო მეორეს მხრივ, სტიგმატიზაციას საზოგადოების ფართო მასებში.

გასაკვირი არ არის, რომ სოციალური სისტემაში განსხვავებული სუბ-კულტურის დაბადება, ან გავრცელება ხშირ შემთხვევაში იწვევს ამ ახალი ჯგუფების დისკრედიტაციას, მათთან დაკავშირებული წინარწმენების გავრცელებას. იშვიათია, როდესაც კულტურული/რელიგიური ,,სხვა’’ ხდება რომანტიზების ობიექტი. კიდევ უფრო საინტერესოა შემთხვევები, როდესაც ჯგუფი საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ

5X


ხდება რომანტიზებული, ხოლო მეორე ნაწილის მიერ მკაცრად სტიგმატიზებულია. წინასწარი მოკვლევით ნეო-შამანიზმი სწორედ ასეთ შემთხვევას წარმოადგენს.

საქართველოში შამანიზმს ყველაზე ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს რომანტიზების მიზეზი გავრცელებული ნორმატიული შეხედულებებიდან გამომდინარე, რომ ისტორიული შამანები იყვნენ თითქმის ასოციალური ადამიანები, მათ ირჩევდნენ ეპილეფტიკებიდან, ან ნერვული გადახრების მქონე ადამიანებიდან, რომლებიც ჩვეულებრივ საზოგადოებას ვერ მოერგებოდნენ, რომ არა ეს მაგიური როლი, რომელიც მათ ჰქონდათ მინიჭებული. ხშირად ურევენ შამანის ფენომენს ჯადოქრებში და მიიჩნევენ სრულიად შეუთავსებლად ტრადიციულ ქრისტიანულ რელიგიასთან. კიდევ ერთი გავრცელებული შეხედულებაა, რომ ისინი ყოველთვის იყენებდნენ სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს ტრანსული მდგომარეობების მისაღწევად, რაც ჩვენთან კანონით არის შეზღუდული და არც სოციალურ და ბუნებრივად მისაღებ ქცევადაა მიჩნეული. მეტიც - თავად სპირიტუალიზმით დაინტერესებულ უამრავ ადამიანს აქვს რწმენა იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ცნობიერებას აქვეითებს და შესაბამისად ,,მომხმარებელი’’ ადამიანები ვერ შეძლებენ სულიერი გამოცდილების მიღებას, რაც მაგალითად მედიტაციის მთავარი დანიშნულებაა. ამ შეხედულებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიოს ცნობილი აღმოსავლელი სულიერი მასწავლებლები მაგ: ოშო, სადჰგურუ, მუჯი, თავიანთ აშრამებში კრძალავენ ცნობიერების შემცვლელი ნივთიარებების მიღებას. მათი დამოკიდებულება, რომლებსაც ნარკოტიკების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ვისმენთ, სწორედ ამ იდეის გაჟღერებაა.4

4 Sadhguru’s insight on taking Psychedelic Drugs (ატვირთვის თარიღი: 29.01.2019) - https://www.youtube.com/watch?v=NpJP21PHLwI (15.05.2020)

Mooji Answers a Question about Somking Hash (ატვირთვის თარიღი: 17.05.2010)

https://www.youtube.com/watch?v=QzBbEUORktk (15.05.2020)

6X


ამ გავრცელებული შეხედულებების მიუხედავად სპირიტუალიზმის მიმდევარ ახალგაზრდებს შორის, მუდმივად მიმდინარეობს საუბრები, განხილვები, შამანების ცხოვრებაზე და ხდება მათი კიდევ უფრო მეტად მისტიფიკაცია და რომანტიზება.

კვლევა აქტუალურია სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ შეიმჩნევა შამანიზმის პოპულარობის ტენდენცია ქართველ ახალგაზრდებში. ჩნდება ადგილები, სადაც ისინი იკრიბებიან და ერთვებიან საჯარო პრაქტიკებში. მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ როგორ გავლენას ახდენს ნეო-შამანიზმის ფილოსოფიის გაზიარება მათ ცხოვრებაზე.

გარდა ამისა, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ხდება ეგზოტიკური სპირიტუალური მიმდინარეობის ,,დაბადება’’ ქართულ რეალობაში, რაც მნიშვნელოვან ტრანზიციაზე დაკვირვებისთვის ხელსაყრელ პირობებს გვაძლევს. საინტერესოა, როგორ ხდება ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ დაგროვილმა რწმენების ჯაჭვმა, მიიღოს სოციუმში გამოვლენილი, მეტ-ნაკლებად სტრუქტურირებული სახე.

მოცემული ნაშრომი გააფართოებს ცოდნის არეალს ამ სფეროში, რადგან მიუხედავად უცხოეთში სპირიტუალიზმის თემით დაინტერესებისა, საქართველოში ის ფართოდ გამოკვლეული არ არის (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კვლევას - მაგ: აღმოსავლური რელიგიები, როგორც ალტერნატიული სპირიტუალიზმი პოსტ-სეკულარულ საქართველოში - თამთა უგლავას ავტორობით, რომელიც ავტორმა 2020 წელს დაიცვა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება რელიგიურობის ახალი ფორმები, მათ შორის ქართულ აკადემიურ სფეროშიც) მით უფრო შესწავლილი არ არის ნეო-შამანიზმი.

როდესაც სპირიტუალიზმი ხვდება ადგილობრივ კულტურას, მისი მოქნილი ბუნებიდან გამომდინარე, იგი ფორმას იცვლის. მნიშვნელოვანია დავინახოთ, როგორი ფორმით ჩამოყალიბდა იგი ქართულ კულტურასთან თანხვედრაში. გარდა ამისა სპირიტუალიზმის საერთაშორისო კვლევებში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მის ისტორიულ კონტექსტს და ნაკლებად არის გამოკვლეული სოცილური ასპექტები. ამასთან ერთად, ეს ასპექტები მუდმივად იცვლება და სავარაუდოა, რომ ახალ-ახალი კვლევის შედეგები ერთმანეთისგან

7X


განსხვავებულ შედეგებს მოგვცემს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შეიქმნას კვლევის ერთგვარი დინამიკა. ეს ნაშრომი, რელევანტური იქნება იმ მკვლევარებისთვის, რომლებიც მომავალში გადაწყვეტენ შეისწავლონ სპირიტუალიზმი და შამანიზმის განვითარების საკვანძო ასპექტები ქართულ რეალობაში.


2. თეორიული ჩარჩო და მეთოდოლოგია

2.1 სპირიტუალიზმის ცნების მნიშვნელობა და მისი ტრანსფორმაცია მოდერნულ სამყაროში

რელიგიის სოციოლოგიის მთავარი ამოცანაა, გააანალიზოს ცვალებადი სოციალური - არააუცილებლად ინსტიტუციონალური, საფუძვლები რელიგიისა თანამედროვე საზოგადოებაში, აღნიშნავს თომას ლუკმანი თავის ნაშრომში უხილავი რელიგია (Luckmann, 1967. 22). რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? - რელიგია მოდერნულ საზოგადოებაში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ არა მხოლოდ მისი ვიწრო გაგებით, რომელიც გულისხმობს ეკლესიაში სიარულს. რელიგია არის მნიშვნელობების შექმნის პროცესი, რომელიც ობიექტური ხდება კულტურაში და გარდაქმნის ადამიანის მიერ პირდაპირ აღქმულ გამოცდილებებს. იგი ახდენს ჰომო საპიენსის ბუნებითი მოთხოვნილებების სოციალიზაციას (Luckmann, 1967. 61). არსებული სოციალური ინსტიტუტები, მათ შორის ეკლესია, ინდივიდების მიერ აღარ აღიქმება, როგორც დიადი მნიშვნელოვნების მქონედ და კარგავენ თავიანთ ეფექტურობას, როგორც მოდელები (Ibid. 85). ესაა ლუკმანის მთავარი არგუმენტი თანამედროვე საზოგადოებებში რელიგიის პრივატიზაციისა. სამყაროსა და ცხოვრებისთვის აზრის მიცემაში, თავისი ცნობიერებისა და პიროვნების ჩამოყალიბებაში ადამიანი უკვე ვეღარ ენდობა სხვადასხვა ინსტიტუტებს. მან ამის ნაცვლად უნდა შეარჩიოს გარკვეული ,,რელიგიური

8X


თემები’’ მოცემული ,,ასორტიმენტიდან’’ და ააგოს მასზე საკუთარი სისტემა, რომელიც კონკრეტულად მისთვის იქნება მნიშვნელობის მქონე (Ibid. 102). საინტერესო თემების არჩევა შესაძლებელია მრავალი ეზოთერული და რელიგიური ტრადიციიდან: ფსიქოანალიზი, მარსქსიზმის პოპულარული დისკურსი, ლსდ კულტი, ძენი და სხვა (Luckmann, 1972. 12). რწმენათა სისტემის ინდივიდების მიერ ჩამოყალიბებას, ლუკმანი არქმევს ,,რელიგიის ახალ სოციალურ ფორმას’’ ,,უხილავ რელიგიას’’ (Luckmann, 1967).

თანამედროვეობაში რელიგიის პრივატიზაციის და ,,უხილავი რელიგიის’’ გამოვლენის მაგალითს წარმოადგენს სპირიტუალიზმი და მისი ქვედინებები, მათ შორის ნეო-შამანიზმიც, თუმცა სპირიტუალიზმის ცნება იმდენად გავრცელდა საჯარო და სამეცნიერო დისკუსიებში და იმდენი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა, რომ კვლევის დასაწყისში აუცილებელი ხდება მისი ისტორიული კონსტექსტის მიმოხილვა. თუ თავად სიტყვის ეტიმოლოგიას ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ იგი პირველად ქრისტეს შობიდან მე-5 საუკუნეში გვხვდება (Bochinger, 1994. 377). კიდევ უფრო ძველია ის იდეები, რომლებიც ამ მოძრაობის ქვაკუთხედს წარმოადგენენ. მთავარი რწმენა, რომელსაც შემდგომ სპირიტუალური მოძრაობა დაეფუძნა, იყო იდეა, რომ გარდაცვლილთა სულები სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ არსებობას. მათ შეუძლიათ განვითარება და ცოცხალთა სამყაროსთან კავშირი - წინამძღვრობა სხვადასხვა მორალური და ეთიკური პრობლემების გადაწყვეტისას (Carroll, 1997. 248). სპირიტუალიზმის მოძრაობად ჩამოყალიბება ხდება 1840-იანი წლებიდან, როდესაც ამ იდეების პოპულარობამ პიკს მიაღწია. იგი შთაგონებული იყო კონკრეტული ადამიანების ქარიზმატული პიროვნულობით, რომლებიც ასრულებდნენ ე.წ მედიუმების როლს სულთა სამყაროსა და ცოცხალთა სამყაროს შორის. პირველ მედიუმთა შორის იყვნენ დები ფოქსები, რომელთა მიერ მოწყობილი სეანსების დროსაც, პრაქტიკაში მონაწილეებს ჰქონდათ იმის რწმენა, რომ იყვნენ გოგონების სულთან კონტაქტის მოწმეები (Chapin, 2000). სწორედ ფოქსების სახელს უკავშირდება ამერიკაში თავად სპირიტუალიზმის, როგორც მოძრაობის დაბადება. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით დებმა აღიარეს, მათი სულთან კავშირის სიყალბე, პოპულარობა სპირიტუალურ პრაქტიკებს არც ამის

9X


შემდეგ დაუკარგავთ. (Chapin, 2000. 157). მოძრაობა განსაკუთრებით ძლიერი ინგლისურ ენოვან ქვეყნებში 1840 – 1920-იან წლებში იყო (Braude, 2001. 296). აღსანიშნავია, რომ სპირიტუალურ პრაქტიკები ყოველთვის ტარდებოდა მედიუმის დახმარებით. უკვე 1853 წლიდან ჩაიზე სტუმრად წასვლა მდიდართა წრეში გულისხმობდა სპირიტუალურ სესიას, ე.წ ტრიალა მაგიდას. რომლის ირგვლივაც ადამიანები ისხდნენ და სულის გამოძახებას ცდილობდნენ (Carroll, 1997. 132). 1880-იან წლებში ჩნდება სპირიტუალიზმის ორგანიზებული ფორმა, რის საჭიროებაც გამოწვეული იყო უამრავი ცრუ მედიუმის გამოჩენით. რაც ამცირებდა ნდობას ზოგადად სპირიტუალისტების მიმართ (Braude, 2001. 296). მოძრაობის დაბადების პირველ ეტაპზე სპირიტუალიზმს, როგორც არაფორმალურ მოძრაობას თავისი წესები და დოქტრინები არ გააჩნდა, თუმცა მოგვიანებით, მის ორგანიზებულ ფორმებში ჩამოყალიბდა მისი რამდენიმე პრინციპი (Todd, 2005. 84).5 1920-იანი წლების შემდეგ სპირიტუალიზმი განვითარდა სამ ძირითად მიმართულებად: ახალი ერის მოძრაობა, სპირიტუალური ხელოვნება და სპირიტუალური ეკლესია. სპირიტუალიზმის არაორგანიზებულ ფორმას მიეკუთვნება ახალი ერის მოძრაობა („New Age“). იგი მოიცავს აღმოსავლურ რელიგიებს, ასტროლოგიას, რიტუალურ მაგიას და ა.შ. დღეს სპირიტუალიზმის სწორედ ეს სახეა ყველაზე მეტად გავრცელებული ( Hess, 1993. 20).

ისევე როგორც სპირიტუალურმა მოძრაობამ, თავად სპირიტუალიზმის ცნებამაც თანამედროვე მნიშვნელობის შეძენამდე, რამდენიმე ტალღა გამოიარა. 1940 წლიდან კათოლიკე თეოლოგების მხრიდან სპირიტუალიზმი გამოიყენებოდა, რომ აღენიშნათ რელიგიურობა - რწმენები, პრაქტიკები, გამოცდილებები - ქრისტიანობის მიღმა (Bochinger, 1994. 377). დროთა განმავლობაში, ტერმინის გავრცელებამ გამოიწვია ცნების გაფართოება. ბოჩინგერის განმარტებით სპირიტუალიზმი არის გამოცდილების შინაგან 5 კერძოდ ამერიკის ნაციონალური სპირიტუალური ასოციაციის მიერ (NSA) ჩამოყალიბდა სპირიტუალიზმის 7 პრინციპი - https://www.cleveleysspiritualistchurch.co.uk/index.php/what-s-on/7-principles (26.06.2020)

10X


მხარეზე მიმართული, ძლევამოსილი, თავისუფალი სულიერი განწყობები რელიგიური კითხვების მიმართ, რომლებიც ,,დოგმატური რელიგიის’’ საპირისპიროდ არის ჩათვლილი. გამოცდილებაზე ფოკუსის გადატანა ხდება სრულიად განსხვავებულად ორგანიზებული რელიგიის რწმენებისა და პრაქტიკებისგან (Bochinger, 1994. 386).

მოგვიანებით იმატა ისეთი მკვლევარების რიცხვმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სპირიტუალიზმი არ უნდა ჩაითვალოს როგორც რელიგიის ოპოზიცია, რელიგიის აკრძალული ქვედინება, ან როგორც რომელიმე სპეციფიკური რელიგიის უარყოფილი სწავლებების ნაწილი.

დისტანცია არ უნდა გავიგოთ როგორც მაინცდამაინც რელიგიასთან დაპირისპირება. თანამედროვე სპირიტუალი მაძიებლები მისდევენ რელიგიური ცოდნის სრულიად განსხვავებულ პრაქტიკა/ფორმებს, სპირიტუალიზმი შესაძლებელია მოხდეს თავად რელიგიური ორგანიზაციების შიგნითაც (მაგალითად პროტესტანტიზმის და კათოლიციზმის ზოგიერთ ჯგუფში), ასევე ეს განსხვავება სრულიად შესაძლებელია, რომ გადაიზარდოს ოფიციალური რელიგიური მოდელის სრულ იგნორირებაში და მოხდეს ეკლესიის დოგმების უარყოფა, ან მისი არევა სხვა რელიგიურ ტრადიციებთან (Roof, 1999. 249).

სპირიტუალური პრაქტიკები ხშირ შემთხვევაში დაფუძნებულია გლობალურ კომუნიკაციაზე, ტურიზმზე, მიგრაციაზე და ამის გამო მოიცავს აღმოსავლურ რელიგიებს, მაიას ტომების რწმენებსაც კი და ზოგადად განსხვავებული კულტური და რელიგიური ტრადიციების ნაზავს ქმნის - ერწყმის დასავლურ კულტურას ( მაგ: პაგანიზმი, მისნობა, ან ექსტატური, მისტიური ქრისტიანობა) (Hervieu-Leger, 2000). ამ მიზეზით სპირიტუალიზმი, აქტორების მიერ განისაზღვრება, როგორც ორგანიზებული, დომინანტური რელიგიურობისგან გასხვავებული რწმენის ფორმა, რომლის შესახებ ცოდნაც შენახულია სამყაროს კულტურულ მეხსიერებაში (Hervieu-Leger 2000).

11X


ბერკერი თავის კვლევაში ცხრილის სახით აჯამებს რელიგიასა და სპირიტუალიზმს შორის კრიტიკულ განსხვავებებს (Berker, 2004. 23-47).6

ცხრილი 1 - განსხვავებები რელიგიასა და სპირიტუალიზმს შორის

რელიგია

სპირიტუალიზმი

ღვთაებრივი

ტრანსცენდენტული და პარტიკულარული

იმანენტური და კოსმიური

წყარო

გარეთ

შიგნით

წარმოშობა

ქმნილება

ქმნადობის პროცესი

ცოდნის წყარო

წერილი/გამოცხადება

გამოცდილება/მისტიციზმი

ავტორიტეტი

დოგმა/სამღვდელოება/ტრადიცია

პირადი გამოცდილება

თეოდიცია

ეშმაკი/ცოდვა/სატანა

ჰარმონიიდან ამოვარდნა, ბალანსის/ცნობიერების დაკარგვა

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

სულის ხსნა/აღდგომა/ჯოჯოხეთში გამწესება

რეინკარნაცია/ტრანსმიგრაცია/

მოკშა

დრო

დროებითი/ისტორიული

მარადიული/ ისტორიული

ცვლილება

სწორხაზოვანი: წარსული/აწმყო/მომავალი

ციკლური: მაშინ/ახლა/შემდეგ

პერსპექტივა

ანალიტიკური

ჰოლისტური/სინკრეტული

ანთროპოლოგია

ადამიანი - უფლის ხატი

ადამიანი, ბუნების ნაწილი

განსხვავება

დიქოტომიური: ისინი/ჩვენ

კომპლემენტარულობა: ჩვენ (ისინი=ჩვენ)

სექსი/გენდერი

მამრი/(მდედრი)

ქალური - (მამაკაცური)

ურთიერთობა

კონტროლი

დაკავშირება (გაზიარება)

6 მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ არსებობს შერეული ფორმები. მაგ: სპირიტუალიზმი, რომელიც შეიცავს რელიგიურობას, სპირიტუალიზმი, რომელიც სცილდება რელიგიას და რელიგია, რომელიც შეიცავს სპირიტუალიზმს.

12X


სოციალური იდენტობა

ჯგუფი (ტრადიციის წევრობა)

შინაგანი ,,მე’’/ჭეშმარიტი მე

კონტროლი

ინსტიტუციონალური/ოჯახის

ინდივიდუალური

თაყვანისცემის სივრცე

სინაგოგა, ეკლესია, მეჩეთი

არაფორმალური შენობა, ეკლესია, აშრამი, ღია ცის ქვეშ

ურთიერთობა

ვერტიკალური იერარქია

ჰორიზონტალური კავშირები

წყარო: Berker, 2004. “The Church Without and the God Within. Religiosity and/or Spirituality’’

ბერკერის კვლევის გაგრძელებად, სპირიტუალიზმისა და რელიგიის განსხვავებაზე, ჰილასმა და ვუდჰედმა ჩაატარეს კვლევა და დაასკვნეს, რომ ალტერნატიული სპირიტუალიზმი სრულიად გამორიცხავს ,,ეკლესიაზე ორიენტირებულ რელიგიის ფორმას’’ (Heelas, Woodhead, 2005). შესაბამისად, ,,არ ვარ რელიგიური, სპირიტუალი ვარ’’ - ამ საკმაოდ პოპულარული ფრაზის მიღმა შეგვიძლია გავიგოთ, რომ ადამიანი ეწინაღმდეგება სწორედ ეკლესიურობას და არა უშუალოდ რელიგიურობას (Heelas, Woodhead, 2005).

ეკლესიურობისა და სპირიტუალიზმის დაშორებაზე საუბრობს რუფიც, იგი აღნიშნავს, რომ ,,ახალი სპირიტუალიზმი’’ ეფუძნება ,,გამომხატველ ინდივიდუალიზმს’’, რომელიც დისტანცირებულია ინსტიტუციონალური რელიგიისგან (Roof, Caroll and Rozen, 1999).

ისევე როგორც რელიგიის ცნების განმარტებისას, უნდა გვახსოვდეს, რომ სპირიტუალიზმიც არის მრავალშრიანი ცნება. იგი განიცდის სოციალურ ვარიაციებს და შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტულ გარეგან ქმედებებთან (მაგ: რიტუალები) და შინაგან გამოცდილებებთან (როგორიცაა რელიგიური გამოცხადებები ან სხვა ,,განზომილებებთან’’ კონტაქტი) (Сonnolly, 1999).

სპირიტუალიზმის შინაგანი განზომილება, არის ის რელიგიური გამოცდილებები, რომელიც გარე დამკვირვებლისთვის რთულად გასაგებია და ხშირ შემთხვევაში მცდარი დასკვნების გამოტანის სათავეს წარმოადგენს. გარე ასპექტი კი მოიაზრებს სოციო-

13X


კულტურულ განზომილებას. ნაშრომში, განხილული იქნება ნეო-შამანიზმის, როგოროც ალტერნატიული სპირიტუალიზმის ერთ-ერთი გამოვლინების როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ასპექტები.


2.2. ალტერნატიული სპირიტუალიზმი და კონსუმერული საზოგადოება

,,ფენ-შუიდან ჰოლისტურ მედიცინამდე, არომათერაპიის სანთლებიდან იოგას კვირეულებამდე, ქირსტიანული მისტიციზმიდან ახალი ერის გურუებამდე - სპირიტუალიზმი მსხვილ ბიზნესს წარმოადგენს!’’ (Carrette, 2005. 1)

ასე იწყებს თავის წიგნს, ,,გაყიდვადი სპირიტუალიზმი’’, ჯერემი კარეტი. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კონსუმერიზმისა და სპირიტუალიზმის კავშირით არა მხოლოდ რელიგიური მკვლევარები, ანთროპოლოგები და ფსიქოლოგები ინტერესდებოდნენ, არამედ მარკეტინგის მკვლევარებიც. ის რასაც ჩვენ მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში ვხედავთ არის ,,ახალი ერის კაპიტალიზმი’’ - აღნიშნავს ლაუ თავის კვლევაში (Lau, 2015). ზოგიერთი მკვლევარის მსგავს დასკვნებს კარგად ხსნის რინდფეიში, რომელიც ახალი ერის სპირიტუალური მოაზროვნეების პრაქტიკებისა და ტექსტების პოპულარობის მიზეზად სულიერების ,,სოციალურ პროდუქტად’’ ქცევას ასახელებს. ,,ახალი ერის სპირიტუალისტებმა მეტისმეტად გაამარტივეს მეცნიერული და ტრადიციული რელიგური დისკურსები და პრაქტიკები. გადააქციეს ისინი მარტივი მოხმარების პროდუქტებად’’ (Rindfeish, 2005. 343).

შამანიზმის და კონსუმერიზმის მკვლევარმა იეროვენ ბოეკოვენმა დაასკვნა, რომ შამანური ავტორიტეტები არიან ადამიანები, ვინც გემოვნების სტანდარტებს განსაზღვრავენ და შემდეგ მათ არგებენ ადამიანურ მოთხოვნილებებს. იმისთვის, რომ პროდუქტის გაყიდვა შეძლონ, მათ მომხმარებელს უნდა შესთავაზონ სიმბოლური მოქმედებები, რომლის დროსაც ეს ნივთები მნიშვნელობას შეიძენენ. სწორედ ისინი არიან ამ ნორმებისა და საჭიროებების შემქმნელები - იმ ცხოვრების სტილის, რომელიც

14X


მსგავსი მატერიალური საგნების მოხმარების საჭიროებას განსაზღვრავს (Boekhoven, 2011. 302). ,,მაშინაც კი, თუ ისინი თავიანთ პრაქტიკას სრულიად აცალკევებენ სამომხმარებლო ბაზრისგან, მაინც ყველა პრაქტიკოსი შამანი აკეთებს შამანური ,,საქონლის’’ მარკეტინგს. ყველა შამანი, არის ერთგვარი ბრენდი’’ (Ibid. 303).

თუმცა ყველა მკვლევარი არ იზიარებს იმ აზრს, რომ სპირიტუალიზმი კატიპალიზმის გაგრძელებაა, რომელშიც ადამიანები ,,მოიხმარენ’’ სპირიტუალიზმს. პაულ ჰილასის აზრით, ახალი ერის სპირიტუალისტები ბოლომდე არ ემორჩილებიან მყიდველებზე მორგებულ ფსიქოლოგიურ მოდელებს, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა პროდუქტების საჭიროება შექმნან. მისი მოსაზრებით ,,ჰოლისტური სპირიტუალიზმი’’ გავიდა სამომხმარებლო კულტურის მიღმა. ,,მას შეუძლია ადამიანებისთვის შექმნას მნიშვნელობის მქონე გამოცდილებები, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ’’ (Heelas, 1992. 8-9).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ აშშ-ში დაარსდა ორგანიზაცია სახელწოდებით ცნობიერი ბიზნესის ალიანსი (СBA), რომლის მიზანიც სულიერი საზრდოს წარმოებაა ბიზნეს აქტივობით. ეს არის საერთაშორისო ალიანსი და მასში გაწევრიანება შეუძლიათ ინდივიდებს, ბიზნესებს, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის ხედვას და მათ მისწრაფებას, რომ შექმნან მუშაობის ახალი პარადიგმა. CBA იკვლევს გზებს, რომლითაც ბიზნესიც მდიდრდება და ადამიანიც იზრდება პიროვნულად (Kale, 2006. 108).

ხდება სპირიტუალური ინფორმაციის მასიური შემოდინება და განთავსება პოპულარულ ჟურნალებში, ტელე გადაცემებში, მოდის ჟურნალებში, მათ შორის საქართველოშიც. ვიზუალიზაციის და მოდუნების ტექნიკებს იყენებენ ისეთი სახეები, როგორიცაა მაგალითად ოფრა უინფრი. იოგას გაკვეთილებს ატარებენ მსოფლიოს უდიდესი კორპორაციები თავინთი თანამშრომლებისთვის. დიდ ყურადღებას იმსახურებს კინო ვარსკვლავების სპირიტუალიზმით დაინტერესებაც. მაგალითად, კიანუ რივზის, ჯიმ ქერის ამ თემებით გატაცება ცნობისმოყვარეობას აღძრავს უამრავ ადამიანში.

15X


ახალი ერა არის მულტი-მილიარდი დოლარის ღირებულების ინდუსტრია. ყველაზე პოპულარული თანამედროვე სპირიტუალური მასწავლებლები და გურუები ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების რიცხვში შედიან (Kale, 2006. 107). კომპანია გალუპის მიერ 1999 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში ,,გრძნობთ თუ არა, რომ გჭირდებათ სულიერი ზრდა? 78-მა პროცენტმა უპასუხა დიახ, მაშინ როცა 1994 წელს ეს მაჩვენებელი 20% იყო. დღეს ბაზარი მეტად აკმაყოფილებს სპირიტუალური მოთხოვნილებების მქონე მომხმარებლებს, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მარკეტოლოგებმა კვლავ უნდა შეისწავლონ სპირიტუალიზმი, როგორც მომხმარებლის ქცევის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასკვნის კეილი (Ibid.108). სპირიტუალური მოტივაციები არ დაიყვანება მხოლოდ სექტის წევრობაზე, გურუზე, ან რელიგიაზე. კორპორატიული ფირმები იყენებენ სპირიტუალურ გზავნილებს, რომ მჭირო კავშირი დაამყარონ მომხმარებლებთან (Ibid:109). მაგალითად, საქართველოს ბანკის რეკლამა სახელწოდებით ,,შესაძლებლობები უსაზღვროა’’ მარკეტინგში სპირიტუალური გზავნილის გამოყენების ილუსტრაციაა. "ჩვენში ცხოვრობს შინაგანი ბავშვი, რომელიც მუდმივად ცდილობს გვიბიძგოს შემოქმედებისკენ და სილაღისკენ".7 ეს არის ფრაზა, რომლითაც ვიდეო რგოლი იწყება. ,,შინაგანი ბავშვის’’ კონცეპტს ზოგიერთი მკვლევარი, მაგალითად ჰილასი, ახალი ერის სპირიტუალიზმის დისკურსის ნაწილად თვლის (Heelas, 1996. 19).


2.3 ნეო-შამანიზმი და მისი სოციალური ისტორია

,,შამანიზმი არის რელიგიური რწმენების სისტემა, რომელშიც შამანი არის ცოდნის სპეციალისტი. იგი კავშირს ამყარებს სულების სამყაროსთან, იმისთვის, რომ სარგებელი მოუტანოს კომუნის წევრებს’’ (Walter, 2004. XV) .

7 შესაძლებლობები უსაზღვროა (საქართველოს ბანკის რეკლამა) (ატვირთვის თარიღი: 26.12.2019) https://www.youtube.com/watch?v=Gj1CKNK3PFA (11.06.2020)

16X


თანამედროვე შამანური სპირიტუალიზმი მოიცავს აბორიგენულ შამანიზმს და ნეო-შამანიზმს. აბორიგენული შამანიზმის ქვეშ მოიაზრება ტრადიციული შამანიზმის გამოვლინებები, რომლებიც დღესაც შეინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ ადგილობრივ ტომებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში. მათი ტექნიკები შერწყმულია ამ ტერიტორიების კულტურასა და რწმენებს (Townsend, 1997). ხოლო ტერმინი ნეო-შამანიზმი აერთიანებს შამანიზმის ყველა იმ მიმდინარეობას, რომელიც დასავლეთში მცხოვრები პრაქტიკოსების მიერ გამოიყენება. ძირითადად ამ ტიპის შამანიზმის მიმდევრები შედიან ახალი ერის სპირიტუალისტების კატეგორიაში (Hoppal, 2000. 89).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დასავლურ საზოგადოებაში გავრცელებულია შამანიზმის კიდევ ერთი ფორმა ,,ძირეული’’ შამანიზმი (Core Shamanism), რომლის პრაქტიკოსებიც თავს არ აიგივებენ ნეო-შამანებთან. ამ მოძრაობის დამაარსებელი იყო ანთროპოლოგიის დოქტორი მაიკლ ჰარნერი, რომელიც თავისი სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში სამხრეთ ამერიკაში შეისწავლიდა ადგილობრივი აბორიგენი ტომების ცხოვრებას. მისი მოწაფის და შამანური კვლევების ფონდის დირექტორის სიუზან მოკელკის გადმოცემით, სწორედ მაშინ გააცნობიერა მაიკლმა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ადამიანთა ცოდნისა ძალიან აკლდა დასავლური საზოგადოების სპირიტუალიზმს. მან შემდეგ შეისწავლა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გავრცელებული შამანიზმი. მაიკლ ჰარნერმა აღმოაჩინა, რომ ე.წ ფსიქოდელური საშუალებების მოხმარება შამანების 90 პროცენტს არ ახასიათებდათ, მაგრამ უმრავლესობა იყენებდა რიტმებს და დრამებს,8 ზოგი სიმღერასაც.9 მან კვლევის დასრულებისას დაიწყო ტრენინგების ჩატარება. ასწავლიდა შამანიზს, რომელსაც ძირეულ შამანიზმს უწოდებდა და მთავარ პრაქტიკად იყენებდა სწორედ დრამების დაკვრას. 1979 წელს მანვე დააარსა შამანური კვლევების ფონდი (FSS).10 ძირეული

8 დრამი (Drum) - დოლის მსგავსი დასარტყამი ინსტრუმენტი. რესპოდენტების მხრიდან სწორედ ეს სიტყვა გამოიყენებოდა, რამაც ტექსტში მისი ამ ფორმით გადმოტანა განაპირობა.

9 შამანურ ტრანსში გადასასვლევას საჭიროა 205-220 დარტყმა დრამზე წუთში. (Harner, 1990) 10 About The Foundation for Shamanic Studies - https://www.shamanism.org/fssinfo/index.html (26.06.2020)

17X


შამანიზმის მიმდევრები უფრო მეტად ტრადიციული შამანიზმის მიმდევრები არიან, თუმცა აბორიგენული შამანური ტრადიციისგან განსხვავებით, ეს სწავლება ყოველგვარი კულტურული ნიშნებისგან დაცლილ, ცნობიერების შემცვლელი ტექნიკების ერთობლიობას წარმოადგენს. 11

ნეო-შამანებისა და ძირეული შამანების რწმენა, ემთხვევა აბორიგენულ-შამანურ სამყაროს ხედვას, რომელიც დაყოფილია მატერიალურ სამყაროდ და ალტერნატიულ რეალობად. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სულების, გარდაცვლილების და სხვა ტრანსცენდენტული ძალების საცხოვრისს. სამყაროები იყოფიან დაბალ, შუა და მაღალ სამყაროებად (Townsend, 2004. 1-9). როგორც ძირეულ, ისე ნეო-შამანიზმში ინტელექტუალურ ცოდნასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტრანსცენდენტულ გამოცდილებას - ,,ნადვილ ცოდნას’’ (Townsend, 1988. 82). იგი იზიარებს ახალი ერის მოძრაობის იდეებს სპირიტუალიზმზე. უპირისპირდება მატერიალიზმს და პოზიტივიზმს და მის ცენტრალურ იდეად მოაზრებს იმ აბორიგენული უძველესი ცოდნის აღდგენას, რომელიც დასავლურ საზოგადოებაში დავიწყებას მიეცა. ნეო შამანიზმის გავრცელების ძირითად მიზეზად შესაძლოა დასახელდეს ლიტერატურის გავრცელება შამანიზმზე და, ცნობიერების შემცვლელ მდგომარეობებზე, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებაზე.12

ნეო-შამანიზმში ტრადიციული შამანიზმის ტექნიკები ერწყმის სხვადასხვა ეზოთერულ მიმდინარეობებს. ამის გამო, ,,ტრადიციონალისტები’’ ძირეულ შამანიზმს უფრო მისდევენ. თვლიან, რომ იგი მეტად ავთენტურია. ,,მოდერნისტები’’ ტრადიციულ შამანიზმს უმატებენ განკურნების სხვა სპირიტუალურ პრაქტიკებს. ისინი თავადაც ქმნიან ახალ ცერემონიებს, რომლებიც ხშირად ფსიქოთერაპიის მეთოდებსაც მოიცავს. ნეო-შამანიზმის ექსტრემალურ ფორმებში აიდეალიზებენ შამანის ფიგურას და აბორიგენულ კულტურებს და ამის მიუხედავად, მაინც აერთიანებენ მას სრულიად

11 Core Shamanism - https://www.shamanism.org/workshops/coreshamanism.html (26.06.2020)

12 On Neo-Shamanism -https://medium.com/theological-and-religious-archetypes/neoshamanism-28afec913ba2 (26.06.2020)

18X


განსხვავებულ ტრადიციებთან, მაგალითად ჩაკრების სისტემასთან, ასტროლოგიასთან, კრისტალებით მკურნალობასთან (Townsend, 1999. 225).

ნეო-შამანიზმის პრაქტიკები უკავშირდება ცნობიერების შეცვლის ტექნიკებს, ცერემონიებს, რომლის დროსაც ,,სელფი’’13 ტოვებს სხეულს, მოგზაურობს სხვა რეალობებში და ურთიერთობს სპირიტუალურ არსებებთან, მათი დახმარებით კი ამ საზოგადოებაში პრაქტიკოსებს შემოაქვთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური განკურნების უნარები, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე (Lindquis, 1997. 315).

ნეო შამანები წარმოადგენენ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ახალ მნიშვნელობებს აძლევენ არაბუნებრივ სხეულებრივ გამოცდილებებს და მათ ვალიდურობას ამტკიცებენ ინტერპერსონალური ნარატივებით, რომელიც ხორციელდება რიტუალური წარმოდგენებით როგორც ფიზიკურ, ისე წარმოსახვით რეალობებში. წარმოდგენის წყალობით აბსტრაქტული იდეა იძენს განცდით რეალობას და ხდება გაზიარებული კულტურის შექმნის საფუძველი. ეს კულტურა მოიცავს ეგზოტიკურ ცნებებს და ადგილობრივი კულტურის ფორმებს, რომლებიც შევსებულია პერსონალური და გაზიარებული მნიშვნელობებით (Lindquist, 1997). ამ კულტურის სპეციფიკაა ის, რომ იგი ვლინდება ჩამოყალიბებული სოციალური ინსტიტუტების ნაპრალში, რომელიც იძლევა თამაშისა და წარმოსახვის შესაძლებლობას. წარმოდგენებისა და თამაშის სახით, რწმენების სისტემა, რომელიც არაა კულტურული ლეგიტიმაციის მქონე და უკავშირდება შორეულ ცივილიზაციებსა და სივრცეებს, ისევ ირგებს ლეგიტიმაციას და განსხეულდება ადგილობრივ კონტექსტში, კომუნაში და ახალ ტრადიციაში (Ibid. 315).

ნეო-შამანიზმს ასევე უწოდებენ ურბანულ შამანიზმს, იგი დაკავშირებულია ამერიკასა და ევროპაში 1960-70-იანი წლებში ნარკოტიკებით დაინტერესებასთან. თუმცა სანამ ნეო-შამანიზმის ფენომენი ჩამოყალიბდებოდა, მოხდა უშუალოდ შამანიზმის ცნების დამკვიდრება. იგი თანამედროვე ევროპაში შემოსულია მოგზაურთა მონათხრობებიდან (Flaherty, 1992). ტერმინის ამ გზით გავრცელებამ და შემდგომ მისი ახალი ფორმების წარმოქმნამ არაერთი დებატი და გაურკვევლობა წარმოქმნა აკადემიურ წრეებში.

13 „სელფი“ - იგულისხმება ადამიანის არსებითი, უხილავი ნაწილი, მისი ბუნება და ხასიათი, რომელიც სხვებისგან განასხვავებს -

19X


დროთა განმავლობაში ტერმინი შამანი და შამანიზმი იმდენად გაფართოვდა, რომ შეუძლებელი გახდა მისი მუდმივი მნიშვნელობის შემუშავება. თანამედროვე ეთნოლოგიასა და ანთროპოლოგიაში უნდობლობა არსებობს შამანიზმის წარმოშობის ზოგადი თეორიების მიმართ (Atkinson, 1992. 307). ამის მიუხედავად სიტყვა ,,შამანიზმი’’ ფართოდ გამოიყენება ციმბირული კულტურის რუსი ინტერპრეტატორების მიერ. სწორედ ისინი ამტკიცებენ, რომ შამანიზმის სათავე ციმბირულ ტომებშია და ადგილობრივებს აქვთ საკუთარი სიტყვები, რომელიც მიემართება პიროვნებას, რომლის ქმედებები შეიძლება მიჩნეული იქნას შამანურად (kharitonova, 2007. 56).

ზნამენსკი გვთავაზობს არაჩვეულებრივ შეჯამებას იმისა, თუ როგორ გარდაიქმნა შამანის ძველი მნიშვნელობა მნიშვნელობების დღევანდელ განსხვავებულ ვარიანტებად. სიტყვის წარმოშობა შეგვიძლია ვიპოვოთ ტუნგუს ენაში (Evenki), ეს არის ციმბირის მკვიდრი ერთ-ერთი ადგილობრივი ჯგუფი. ამ ენაზე სიტყვა ,saman’’ ნიშნავს ,,იცოდე ექსტაზურად’’ (Znamenski, 2007. 77). მოგვიანებით ციმბირის რუსმა მაცხოვრებლემა ეს სიტყვა გამოიყენეს ყველა ადგილობრივი სულიერი მკურნალის მიმართ. პირველი მკვლევარები, რომლებმაც ეს ცნება დასავლეთში შემოიტანეს, სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები ციმბირული ადგიობრივი სპირიტუალიზმის მიმართ. საკითხისადმი ინტერესი რომანიზმის პერიოდში გაიზარდა და დამოკიდებულებაც სრულიად შეიცვალა. მოცემული თემატიკისადმი ინტერესის გაზრდა ასევე უკავშირდება შამანიზმის კვლევების განვითარებას. ჩრდილოეთ ამერიკაში გაჩნდა ტენდენცია, რომ ამ ცნების ქვეშ ადგილობრივი ამერიკელი მკურნალებიც მოეხსენიებინათ. შესაბამისად ციმბირული ეთნოგრაფიიდან ტერმინი გადავიდა ამერიკულ ეთნოგრაფიაში (Bužeková, 2010. 118).

რონალდ ჰუტონის მიხედვით შამანიზმი ,,ერთ-ერთი ის ფენომენი იყო, რომლის წინაღმდეგაც თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია თავს იცავდა’’ (Hutton, 2007). იგი გამოიყენებოდა იარაღად ინტელექტუალურ დისკურსებში, ევროპული იდენტობის, რაციონალიზმის დასაცავად: შამანიზმი საშიშ მტრად ითვლებოდა რაციონალიზმისა,

20X


განსაკუთრებით განმანათლებლობის პერიოდში. მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ,,სხვის’’ აღქმაზე დასავლურ ცივილიზაციაში (Sruckrad, 2002, 771).

ეთნოლოგიურ კვლევაში ხშირად წარმოიჭრება დებატები რელიგიისა და შამანიზმის კავშირზე. თავდაპირველად შამანური რიტუალები და პრაქტიკები ითვლებოდა უცოდინრობის გამოხატულებად, რომელიც ეწინაღმდეგებოდა ,,ჭეშმარიტ’’ ქრისტუანულ რელიგიურობას. ზოგიერთ ადრეულ შრომებში შამანები მოიხსენიებიან როგორც ფიქიკურად ,,გადახრილი’’ ადამიანები, ისტერიით. უფრო შემდეგი კვლევები სხვა პერსპექტივას აჩენენ და შამანურ პრაქტიკებს მოიხსენიებენ როგორც თერაპიას, ან განკურნების ტექნიკებს (Hamayon, 2007. 6) .

მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან ელიადეს, იუნგისა და კემპელის შრომებმა შამანიზმი აქციეს ,,კაცობრიობისა და ბუნების ურთიერთობის გაგების ახალ მოდელად. რომელიც ყურადღებას ამახვილებდა ადამიანის უნარზე, მიეღწია რეალობის სპირიტუალური დონისთვის. შამანიზმი მიღებულ იქნა როგორც ანთროპოლოგიური კონსტანტა და თანდათან მისი მნიშვნელობა იმდენად გაფართოვდა, რომ გაჩნდა ეჭვი მისი აკადემურ ანალიზსში გამოყენების ვარგისიანობაზე (Stuckrad, 2005. 123).

ელის კაჰოეს მიხედვით შამანიზმი თანამედროვე აკადემიურ დისკურსში გამოიყენება შემდეგნაირად:

1.თავდაპირველი მნიშვნელობით: რელიგიური პრაქტიკა ციმბირში, რომელსაც უძღვება გამოცდილი პრაქტიკოსი. იგი დრამებით და სიმღერით ქმნის ცნობიერების იმ მდგომარეობას, რომელსაც სჯერათ, რომ პრაქტიკოსი გადაჰყავს სულების სამყაროში.

2.რელიგიური პრაქტიკა, რომელიც ეწინაღმდეგება ისტორიულ დასავლურ რელიგიებს და წარმოშობს ექსტატურ მდგომარეობებს კონკრეტულ ინდივიდებში, რომლებიც სულებისგან იღებენ მოწოდებას.

3.პრიმიტიული რელიგია, ან რელიგიური ლიდერის ტიპი, რომელიც პალეოლითიდან მოყოლებული არსებობს პირველყოფილ მომთაბარე ხალხებში.

21X


4.ცნობიერების შეცვლის ტექნიკები, თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში, რომელიც უკვე აუცილებლად აღარ არის დაკავშირებული რელიგიურ რწმენასთან. (Kehoe, 2004. 261-262)

პირველი სამი მნიშვნელობა შამანიზმის სოციო-ისტორიულ განმარტებას წარმოადგენს, ხოლო ბოლო, რომელიც შამანიზმს განიხილავს, როგორც ცნობიერების შეცვლის ტექნოლოგიას, არ არის აუცილებლად დაკავშირეული კონკრეტულ ისტორულ კონტექსტთან (Kanovsky, 2003. 75).

კვლევის ანალიზში შერწყმული იქნება შამანიზმის ორივე მნიშვნელობა. სიტყვა შამანი არის ისტორიული კონტექსტისა და აკადემიური განმარტებისგან შემდგარი ცნება, რომელიც ამავდროულად მოიაზრებს უნიკალურ, ინვიდივიდუალურ გამოცდილებებსაც.


2.4 შამანის ფიგურა და მისი როლი ნეო-შამანიზმში

მირჩა ელიადეს ნაშრომში შამანიზმი: ექსტაზის არქაული ტექნიკები, შამანური გამოცდილების ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ექსტაზური მოგზაურობები და ტრანსი. იგი შამანებს მოიხსენიებს როგორც ,,ქაოსის ოსტატებს’’. თავად ელიადე ნოსტალგიურად იყო განწყობილი და უნდოდა აღედგინა ურთიერთობა იმ მისტიურ დროსთან, როდესაც ,,საკრალური’’ საზოგადოებაში მეტად მიღებული იყო (Mircea, 2004).

,,შამანი არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ კავშირს ამყარებს სულებთან, აღწევს ცნობიერების განსხვავებულ მდგომარეობებს, გადადის სხვა სამყაროებში და ფოკუსირებულია მატერიალური სამყაროს კეთილდღეობაზე და არა პიროვნულ გასხივოსნებაზე. შესაძლოა სულებს ნება მისცეს შემოვიდნენ მის სხეულში და ილაპარაკონ მისი საშუალებით. ასევე შეუძლია შამანურ ცერემონიაზე მოიწვიოს სულები. [...] ჩვეულებრივ არიან მკურნალები’’ (Townsend, 1997. 1).

22X


მნიშვნელოვანი საკითხია შამანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მათ ფიქიკურ ჯანმრთელობაზე არაერთი კვლევა ჩატარდა. სტენლი კპიპნერი შამანების ფსიქოლოგიას ექსპერიმენტული მეთოდით იკვლევდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თორმეტი შამანი აპაჩეს ტომიდან, ორმოცდათორმეტი არაშამანი და შვიდი ადამიანი, რომლებიც თავს შამანებს უწოდებდნენ. კვლევამ დაადასტურა, რომ შამანები გაცილებით არანევროტულები და ჯანმრთელი ფსიქიკისანი იყვნენ, ვიდრე სხვები (Krippner, 2002. 966).

თანამედროვე შამანური სპირიტუალიზმის ხედვით ადამიანები და სამყარო არის დიდი საშიშროების წინაშე. რადგან დაკარგულია ტრანსცენდენტალური აღქმა, ცნობიერება, რომელიც ადამიანს აკავშირებს ბუნებასთან და სულთა სამყაროსთან. ეს კრიზისი სწრაფად უნდა გადაიჭრას, თორემ მოსალოდნელია კატასტროფა. შამანები არიან დახელოვნებული იმაში, რომ შეინარჩუნონ მისტიური ცოდნა და კატასტროფა თავიდან აიცილონ. თანამედროვე შამანური სპირიტუალიზმის მიზანია ადამიანური რასა გადაარჩინონ დაღუპვისგან სპირიტუალური ცნობიერების გაზრდის ხარჯზე. ეს მისია მოიცავს აბორიგენებისგან ძველი ცოდნის მოგროვებას და სულების სამყაროში სხვადასხვა ქმედებების ჩატარება, რაც მატერიალური სამყაროს გადარჩენის საფუძველია. გლობალური კრიზისები და პანდემიები კიდევ უფრო ამწვავებს მათ მისიას (Townsens, 1999. 116).

როგორ ხდებიან შამანები? შამანების ინიციაციის პროცესში სიზმრები უდიდეს როლს თამაშობენ. გარდა სიზმრებისა, ზოგიერთ ტომში გადიან ძალიან რთულ და მტკივნეულ რიტუალებს. შამანები ძირითადად თავიანთ პროფესიას ირჩევენ ძველი შამანების მოწოდების შემდეგ (Park, 1934). ზოგიერთ სხვა საზოგადოებაში შამანობის კანდიდატებს, უცნაური და სპონტანური შემთხვევის წყალობით, აღმოაჩნდებათ სხვადასხვა ზებუნებრივი ძალები. უმეტესობა შამანურ ტრადიციაში სჯერათ, რომ თუ ადამიანი შანამად გახდომის მოწოდებას მიიღებს და უარყოფს, მას ცუდი ბედი მოელის (Krippner, 2002. 962). ხშირი და წინასწარმატყველური სიზმრები ის უნივერსალურ მახასიათებლებია, რომლებიც უმეტესობა საზოგადოებებში შამანებს ახასიათებთ (Walter,

23X


2004). დღეს შამანური ინიციაციები ძირითადად გასაიდუმლოებულია და ეყრდნობა შამანური პრაქტიკების კასტანედასეულ ინტერპრეტაციას (Kent, 2016).

შამანურ ტრადიციებში ხშირად განსაკუთრებული როლი აქვთ ცხოველებს, რომლებიც წარმოადგენენ მასწავლებელ სულებს, ან მედიუმებს შამანსა და სულებს შორის. მოგზაურობებში გადასასვლელად, კი გამოიყენებდნენ დრამებს, რომელიც ცხოველის ტყავისგანაა დამზადებული. მას ბურასაც ეძახიან, ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ მცენარეებს. ციმბირული ტრადიციით თითოეულ შამანს თავისი ცხოვრების მანძილზე შეზღუდული რაოდენობის დრამის გამოყენების უფლება აქვს. მას შემდეგ რაც შამანს ბოლო დამი გაუფუჭდება, მას მსახურება აღარ შეუძლია (Vinogradov, 2002. 112).

მონღოლი და რუსი მკვლევარები ხშირად ყოფენ შამანებს ,,შავ’’ და ,,თეთრ’’ შამანებად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ადგილობრივ ტომში მსგავსი დაყოფის ფაქტები არ მოიპოვება (Ibid. 537). ეს განსხვავება ემყარება თეთრი შამანების უნარს, რომ იმოგზაურონ მაღალ სამყაროებში, მაშინ როდესაც ეკრძალებათ დაბალ სამყაროებთან კონტაქტი. ითვლება, რომ შავი შანამები ძალას იღებენ დემონური სულებისგან და გაცილებით ღრმად შეუძლიათ შესვლა დაბალ სამყაროებში. ხშირად მათ აიგივებენ ჯადოქრებთან და არა შამანებთან. ისინი ასოცირებულები არიან ამორალურ ქმედებებთან და ეშმაკთან გარიგებასთან, იმისთვის, რომ რაღაც ზიანი მოუტანონ საზოგადოებას. მაგალითად ნგანასანის, ტუველ, ან კჰაკჰას ხალხში შავ შამანებს შეუძლიათ მოიპარონ ჯანმრთელი ადამიანის სული, მოკლან ის და მის ნაცვლად სხეულში თავიანთი პაციენტის სული შეუშვან. ასევე არსებობს ლეგენდები, რომ მრავალშვილიან ოჯახში იპარავენ პატარა ბავშვის სულებს და კლავენ მას, რომ შემდეგ სხვა ოჯახში ბავშვი დაიბადოს. (ტუვანურ და კჰაკჰას ხალხებში მათ ეძახიან chek kham, სულის მჭამელებს). ასევე ამავე ტრადიციაში შავი შამანები, მტერი შამანების სულს იპარავენ და ჭამენ (Ibid.536). მათთან შედარებით თეთრი შამანები უფრო სუსტები არიან და არ შეუძლიათ ზიანის მოტანა. ციმბირელი შავი შამანების ჯგუფი იყენებს დრამებს, ცნობიერების შემცვლელ მდგომარეობებს და იცმევენ ცხოველის ტყავის კოსტუმებს, რომ

24X


მოგზაურობების დროს არ დაზიანდნენ. ძირითადად მათი რიტუალების დაკავშირებული იყო ცხოველების მსხვერპლშეწირვასთან შამანური ჰიმნის ალგის სიმღერის თანხლებით. მსხვერპლშეწირვები ტარდებოდა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, უფრო მეტად - ივლისში. მსხვერპლშეწირვა უტარდებოდათ თეთრი ფერის ცხოველებს, თხას, ან ცხვარს (Ibid.537). შამანის მნიშვნელობა მოგვიანებით, 1960-იანი წლებიდან შეიცვალა და მეტად გაფართოვდა.

1980-იან წლებში ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში ჩამოვიდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იყვნენ შამანები და მკურნალები, რომლებიც ფლობდნენ ,,ტრადიციულ ამერიკულ სიბრძნეს’’. მათ შორის იყო ჰარლი სვიფტდირი, რომელიც 1984 წელს ჩამოვიდა ევროპაში და საკმაოდ ბევრი მიმდევარი შეიძინა (Kehoe 1990, 201). ეს ადამიანები ატარებდნენ ფსეუდო ამერიკულ რიტუალებს, (მაგალითად: მზის ცეკვა, ტკბილი ბალახი), რომლებიც შეკრული იყო ტრადიციული ამერიკული რიტუალისა და გამოგონილი ნაწილისგან, რაც ასე დამახასიათებელია ნეო-შამანიზმისთვის.

თანამედროვე ნეო-შამანიზმის პრაქტიკა შორდება ტრადიციულს და ფოკუსირებას ახდენს ინდივიდუალობაზე. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს უწოდოს შამანი. შამანის ფიგურის მნიშვნელობა აღარაა ისეთი, როგორიც ის წარსულში იყო. ინიციაციის ტრადიციაც კარდინალურად განსხვავდება ტრადიციული ინიციაციისგან. ტატიანა ბუზაკოვას აზრით, ტრადიციული შამანიზმისგან განსხვავებით ნეო შამანიზმში დაკნინებულია შიშის მნიშვნელობა. ნეო-შამანიზმი იშვიათად, თითქმის არ ეხება შიშს, წარუმატებლობას, ბოროტებას თავის მითოლოგიაში, რომელიც განსხვავდება ძალიან რთული და მტკივნეული ტრადიციისგან, რომელსაც აბორიგენი შამანები გადიოდნენ (Bulgakova, 2001. 9).

შამანური პრაქტიკების რეინტერპრეტაცია საჭირო გახდა იმისთვის, რომ პრაქტიკოსისთვის შესაძლებელი გამხდარიყო რელიგიური გამოცდილების მიღება ან ინიციაცია. ასევე საჭირო გახდა ტრადიციული პრაქტიკების სიმბოლიზება და გადმოტანა თანამედროვე კონტექსტში. ამის გამო უმეტესობა შამანური პრაქტიკებისა არის ადაპტირებული და განახლებული; ამან შესაძლებელი გახადა კოლექტიური

25X


რიტუალების ჩატარება, რომელიც ეხმარება ინდივიდს სტრესის და ეჭვების დაძლევაში. ნეო-შამანიზმი დღეს პოზიტიური და ოპტიმისტური სფეროა და ადამიანებისთვის მოაქვს იმედი და სიმშვიდე. ეს არის ფსიქოთერაპიასთან შერწყმის შედეგი, რომლის მიზანი ინდივიდის საკუთარი ტანჯვისგან გათავისუფლებაა (Ibid. 23).

ნეო-შამანიზმში შამანის როლი დაშორდა მის ტრადიციულ დანიშნულებას. მას უნდა მოეხდინა სოციუმში კოსმიური წესრიგის დამყარება, დღეს ფოკუსი გადატანილია ინდივიდუალურ კარგად მყოფობაზე. ნეო-შამანიზმი დაცლილია ნებისმიერი საფრთხის შეგრძნებისგან. ამას ნაწილობრივ ხელი შეუწყო მაიკლ ჰარნერის მეუღლის, სანდრა ჰარნერის კვლევებმაც, რომელიც ეხება შამანიზმის გავლენას ინდივიდის ფსიქოლოგიურ და იმუნურ ჯანმრთელობაზე (Harner, 1996).

ნეო-შამანიზმს ბევრი მკვლევარი აკრიტიკებს. მას არაავთენტურად და თაღლითობადაც კი თვლიან.

,,ნეო შამანები ნამდვილი არტისტები არიან, რომლებიც დგამენ წარმოდგენებს (როგორებიცაა ცეცხლით ცეკვა, ჩიბუხებით მოწევა, სულების გამოძახება) და ყოველთვის სთავაზობენ ადამიანებს სხვადასხვა სერვისებს (რომელიც მოიცავს პირად კონსულტაციებს, ტაროს კარტების კითხვას, ატარებენ რეთრითებს და სემინარებს)’’ (Segalen, 2013. 95).

ეს ცალსახად გლობალიზაციის პროექტია, რომელსაც შეუძლია ყველაფერი აქციოს საქონლად (როგორც მატერიალურ, ისევე არამატერიალური ფორმის) და მოაქციოს ის საბაზრო ეკონომიკის ლოგიკაში. თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში ადამიანები ,,მოიხმარენ’’ შამანურ სპირიტუალურ გამოცდილებებს, რომლებიც მოიცავს აბორიგენი ხალხისა და მათი სურვილების რომანტიზებულ გამოსახულებებს (Kent, 2016). ხშირია მოდელების ან ვარსკვლავების მიერ გადაღებული სურათები, სადაც ისინი შიშვლები არიან, ხოლო თავზე ახურავთ ადგილობრივი ჩრდილო ამერიკელი აბორიგენების თავსაბურავი. ასე ხდება სპირიტუალიზმის შეფუთვა გასართობი ბიზნესის, საბაზრო ეკონომიკისთვის, რომელიც თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებს ერგება.

26X


სტერეოტიპებისა და ცალმხრივი წარმოდგენების შედეგია, ასოციაციები აბორიგენულ კულტურაზე. ,,კეთილი ველურის’’ წარმოსახვითი კონსტრუქტი ნეო-შამანიზმში არის შამანის სახე. ეს არის ადამიანი, რომელიც ჰარმონიაშია ბუნებასთან და შეუძლია მისი ბოლომდე განცდა. ნარატივი ქმნის ბედნიერი ადამიანების სურათს, რომლებიც მეტად ინტიმურ ურთიერთობაში არიან სამყაროსთან. ეს დისკურსი არ ითვალისწინებს იმ სირთულეებს, რომლებსაც აბორიგენული ტომები მუდმივად აწყდებოდნენ (Dawne, 2012. 22)

ის მოდერნული ადამიანები, რომლებიც არომანტიზირებენ შამანის ფიგურას, არიან აბორიგენის კონსტრუქტის ავტორები, რომლებიც ერთმანეთში ურევენ სხვადასხვა შმანურ ტრადიციას და გამოჰყავთ ის თავიანთი საჭიროებიდან გამომდინარე (Hobson, 1978. 100).

დასავლურ საზოგადოებაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელოვანი, შემოქმედებითი ადამიანები, უეცრად აანალიზებენ, რომ არიან შამანები. აქვთ სურვილი, რომ საკუთარი თავის პოზიციონირება მსგავსად მოახდინონ. ამის გამო ირქმევენ გამოგონილ სახელებს, მაგალითად ,,მამაცი ლომი’’, მოსწონთ გაიდეალიზებული ინდიელებივით ჩაცმა და ხშირ შემთხვევაში ნეოპაგანიზმის ხედვებს იზიარებენ (Townsend, 1999. 223). ხშირად მათი ხედვები უკავშირდება ესქატოლოგიურ, აპოკალიპტურ თემებს (Townsend, 1984. 41).


2.5 ურბანული შამანიზმი, როგორც გართობის საშუალება

გალინა ლინდქუისტი, არის შამანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მკვლევარი, მას ეკუთვნის ნაშრომი სახელწოდებით ,,შამანური წარმოდგენები ურბანულ სცენაზე’’ (Shamanic Performances on the Ubran Scene). იგი სწავლობდა ნეო-შამანიზმის გამოვლინებას შვედეთში. თავდაპირველად კვლევის ეთნოგრაფიული მოდელი აირჩია, თუმცა მოგვიანებით გადაერთო პრაქტიკებში მონაწილებაზე, რასაც მან

27X

,,ექსპერიმენტული ანთროპოლოგიის მეთოდი’’ უწოდა (ეს მეთოდი ამ კვლევაშიც არის გამოყენებული) (Lindquist, 1997).

მისი კვლევა დაემყარა პიერ ბორძიუს თეორიას და მის კონცეპტს თამაშზე. ავტორი აღნიშნავს, რომ ნეო-შამანიზმი ქმნის ერთგვარ ,,უჩვეულო სივრცეს’’ (ludic space) პრაქტიკოსებისთვის, რომელიც იძენს განსაზღვრულობას და აზრს. ის აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის იმდენად, რამდენადაც მათი რეალური ცხოვრება უინტერესოა. უმეტესობას მისი რესპოდენტებისა ხშირად უგრძვნია უძლურება, გარემოებებში გაჭედვა, რასაც თავად ვერ ცვლიდნენ. ,,ამის გამო ისინი თავს აფარებენ ნეო-შამანიზმის მისტიურ გარემოს, რომელიც ჰგავს საბავშო ზღაპრებს და ბავშვების თამაშს ’’ (Lindquist, 1997, 33)

ლინდქუისტი გამოყოფს ნეო-შამანიზმის კულტურული კაპიტალის სამ ფორმას რომლებსაც უწოდებს 1) სიტყვის ოსტატობას 2) წარმოდგენის დადგმის ოსტატობას და 3) შამანური გამოცდილების შეფუთვას ისე, რომ ის იყოს დამარწმუნებელი და ესთეტიური (Lindquist, 1997). ეს სამივე ძალიან არის დაკავშირებული ,,თამაშის სულთან’’ რასაც ლინდქუისტი უწოდებს ნეო-შამანიზმის აუცილებელ მახასიათებელს. ნეო-შამანიზმში თამაში და პერფორმატიულობა დაკავშირებულია სოციალურ პრობელმებთან. მისი სიტყვებით ,,ეს არის სარკული თამაში, რომლის წყალობითაც საზოგადოება ხედავს საკუთარ თავს, ესაა რეფლექსიის ინსტრუმენტი’’ (Boekhoven, 2011. 6).

შამანიზმის გართობასთან კავშირს განსაზღვრავს ისიც, რომ მისი პრაქტიკები დაკავშირებულია ფსიქოდელური მცენარეების მოხმარებასთან.


2.6 ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებების მოხმარება, როგორც შამანიზმის ერთ-ერთი პრაქტიკა და სამართლებრივი შეზღუდვები

ფსიქოდელური და ცნობიერების შემცვლელი ნარკოტიკების შესწავლა საინტერესო აღმოჩნდა ბევრი დასავლური წარმოშობის მეცნიერისთვის, რადგან მათ ფსიქოთერაპიის

28X


პროცესში დამხმარე საშუალებებად მოიაზრებდნენ. ამ საშუალებების მცენარეულ ექვივალენტებს აბორიგენული ტომები თავიანთ ტრადიციულ ცერემონიებში იყენებდნენ როგორც სამკურნალო საშუალებებად, ისე სულიერი გამოცდილების მისაღებად. დღეს კი თამბაქოს, კოკას, კაკაოს, ყავის, კანაფის მცენარეული ექსტრაქტების გამოყენების პრაქტიკა თანამედროვე საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა.

გარდა იმისა, რომ ენთეოგენურ ნივთიერებებს მაგალითად LSD-ს პროფესიონალები ფსიქოთერაპიის დროს იყენებენ, მსოფლიოს მიწისქვეშა კულტურებში პოპულარული გახდა სოკოების, აიაჰოასკას, იბოგას, პეიოტის და სხვა მცენარეების გამოყენება. ეს არის როგორც გართობის, ისე თერაპიული და შამანური ცერემონიების ნაწილი. 14

ანდრიუ ვეილის მოსაზრებით, დასავლურმა კოლონიალისტურმა საზოგადოებამ ფსიქოაქტიური მცენარეებისა და საკვები ნივთიარებების ხშირი გამოყენებით დაუკარგეს მას საკრალური მნიშვნელობა და გახადეს გართობის საშუალებად (Weil, 1988). მაგალითად, ჩრდილო, ცენტრალურ და სამხრეს ამერიკის მკვიდრ მოსახლეობაში თამბაქო ითვლებოდა საკრალურ, ან ძალის მცენარედ. დასავლურ კულტურაში ეს მცენარე გახდა გართობის საშუალება და მასზე დამოკიდებულება ბევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ასევე მცენარე კოკა, გამოიყენებოდა ინდურ ტომებში, მას ეპყრობოდნენ როგორც ღვთაებრივს, ეძახდნენ დედა კოკას და აფასებდნენ როგორც ენერგიის მომცემ საშუალებას. მეორეს მხრივ, მისი კონცენტრირებული ექსტრაქტი კოკაინი ითვლება ნარკოტიკულ საშუალებად და მისმა გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შექმნა. მცენარეული ნარკოტიკული საშუალებების თავისუფლად გავრცელების გამო შექმნილ პრობლემებს მოყვა მისი კრიმინალიზაცია. მე-17 საუკუნის ევროპაში აკრძალეს ყავის მოხმარებაც კი, რომელიც ძალიან მოდურ და გასართობ სასმელად ითვლებოდა. ყავაც, თავდაპირველად გამოიყენებოდა სუფი მისტიკოსების მიერ, რომ ღამის განმავლობაში არ დაეძინათ და მეტი დრო ჰქონოდათ ლოცვისა და მედიტაციისთვის (Weil, 1988. 489).

29X

 

გარდა ზემოთაღნიშნულისა, ზოგიერთ ინდურ ტანსტრისტულ სექტაში გამოიყენებოდა კანაფი , როგორც ვიზუალიზაციის (ხილვების) გამაძლიერებელი მედიტაციის დროს. რაც შეეხება დასავლეთში მის გამოყენებას, იგი გახდა პოპულარული საშუალება მოდუნებისთვის, გართობისთვის. სწორედ ამიტომ მსგავსი მდგომარეობის აღსაწერად დამკვიდრდა ტერმინი ,,კაიფი’’ (Weil, 1988. 490).

ვეილი თავის კვლევაში აღნიშნავს, რომ არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება ასეთი ნივთიერებების მოხმარება მოხდეს როგორც საკრალური, ისევე გასართობი დანიშნულებით. მას ამის მაგალითად მოჰყავს ადგილობრივი ამერიკელების თამბაქოს ცერემონია, როდესაც ცერემონიის შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ სიგარის მოსადუნებლად მოწევა. ასევე ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანულ რიტუალებში ღვინის გამოყენებაზე საკრალური მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა მიზნებისთვისაც მოიხმარს საზოგადოება (Ibid. 490). ვეილი ასკვნის, რომ საჭიროა განსაზღვრული იყოს ასეთი სუბსტანციების საკრალური და თერაპიული გამოყენების მაგალითები. ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას გართობისთვის, ექსპერიმენტულად, მაგრამ ამ კუთხით მაინც უნდა იყოს მოქცეული სოციალურ ჩარჩოში, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ზიანს (Weil, 1988).


2.7 მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებული იქნება თვისებრივი კვლევის მეთოდები, ე.წ ,,დესქ რისერჩი’’, ინტერვიუ, ჩართული დაკვირვება, კონტენტ-ანალიზი, ფოკუს ჯგუფი.

სიღრმისეულ ინტერვიუებისთვის პოტენციურ სუბიექტებად განისაზღვრნენ ,,მაგიური პასების’’ აიაჰოასკას, კაკაოს ცერემონიის და შამანურ ინტერნეტ პრაქტიკებში მონაწილე ქართველი ახალგაზრდები, რომელთა ასაკიც 20-დან 40 წლამდე მერყეობს.

14 ნეო-შამანური რიტუალების განუყოფელი ნაწილია წრეში დაჯდომა და რიტუალური სივრცის ფორმირება, რომელშიც აუცილებლად მონაწილეობს ერთგვარი გიდი, რომელიც უძღვება ჯგუფს და მიმართავს სულებს (Lindquist, 1997. 36).

30X


ინდივიდუალური ინტერვიუები მოიცავდა ნახევრად სტრუქტურირებულ კითხვებს. კითხვარი დაიგეგმა საკვლევი კითხვებიდან გამომდინარე და სასაუბრო თემებად შეირჩა - პირადი ისტორიები, შამანიზმით დაინტერესების მიზეზები, ფსიქოლოგიური განწყობები, მსოფლმხედველობა.

კვლევა მოიცავს დიჯიტალური სივრცის კვლევას ინტერნეტში სხვადასხვა ეზოთერულ გვერდებზე გამოქვეყნებული ინტევიუების კონტენტ-ანალიზის საშუალებით. ასევე ჩართული დაკვირვების მეთოდს, რომლის დროსაც ველი გამოკვლეული იქნება შამანური ცერემონიის დროს როგორც ურბანულ, ისე ინტერნეტ სივრცეში.

კვლევის პროცესში ჩატარდა ფოკუს ჯგუფი Zoom-ის პლათფორმის საშალებით. მასში 10 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ამ მეთოდის გამოყენება მიზნად ისახავდა სხვადასხვა შამანურ პრაქტიკებში მონაწილე ადამიანების ერთ სივრცეში შეკრებას და იმის დადგენას, თუ რამდენად ემთხვევა მათი მსოფლხედველობები ერთმანეთს. არსებობს თუ არა განსხვავებები მათ შეხედულებებში შამანის ფიგურასა და ზოგადად შამანიზმზე.

ნაშრომში განხილული იქნება არაერთი პოპულარული შამანური პრაქტიკა, მათ შორის იქნება კაკაოს ცერემონია, მაგიური პასების პრაქტიკა, შამანიზმის ინტერნეტ პრაქტიკა.

კვლევის მთავარი სირთულე მსოფლიოში გავრელებული პანდემია იყო, რომლის დროსაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად შეიზღუდა თავისუფლად გადაადგილება. ამან შეაფერხა ცოცხალი კომუნიკაცია ჯგუფთან და ველის კვლევა.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ საქართველოში შამანიზმის ქვეშ მოიაზრებენ არა მხოლოდ მკურნალებს, არამედ ძალიან ბევრ სხვადასხვა სპირიტუალი განშტოების წარმომადგენელ ადამიანს.

ზოგიერთი კვლევაში მონაწილის აზრით, თავად შამანი თუ თავის თავს შამანს უწოდებს ე.ი ის ნამდვილი შამანი არ არის. შესაბამისად შამანების მოძიება მოხდა იმის მიხედივთ, თუ რას ფიქრობდნენ პრაქტიკოსები მათზე.

31X


კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ არსებობს ჯგუფური და კერძო შამანური პრაქტიკები და რთული გახდა ყველა იმ ადამიანის მოძებნა, ვინც პირადი პრაქტიკებითაა დაკავებული.

გარდა ამისა შამანური ჯგუფების შეკრებები ხშირ შემთხვევაში გასაიდუმლოებულია. ამის გამო საჭირო იყო კონტაქტების ქონა, ადამიანები, რომლებიც საჭირო ჯგუფებთან დამაკავშირებდნენ. თუმცა ისინიც ერიდებოდნენ ამას, რადგან მათი აზრით, შამანიზმის საყოველთაო პოპულარიზაციამ მისი კომერციალიზაცია და თავდაპირველი მნიშვნელობის და ღირებულების დაკარგვა გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი სუბსტანცია, რომელსაც ისინი მოიხმარენ ითვლება ნარკოტიკულ ნივთიერებად და შესაბამისად კანონით დასჯადია, რაც პრობლემებს ქმნის თავისუფალი კომუნიკაციის დროს. ამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ადამიანების სახელები, რომლებიც კვლევაში იღებენ მონაწილეობას შეცვლილია.

კვლევის შედეგად შეგროვილი რესპოდენტთა პასუხები გაანალიზდა ფენომენომენოლოგიური პერსპექტივიდან.


3. ნეო-შამანიზმი საქართველოში

3.1 შამანიზმის პრაქტიკების ძიება საქართველოში

მიშელ ბერმანი თავის წიგნში შამანური მოგზაურობა კავკასიაში, აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ძველი ქართული რიტუალი, დაკავშირებულია სწორედ შამანურ კულტურასთან. მაგალითად მოჰყავს ხევსურეთში ჩატარებული განათვლის რიტუალი. რომლის დროსაც ახალგაზრდა ქალს ხუცესთან მიჰყავს ცხვარი. ხუცესი იხმობს წმინდა გიორგის, მისი პარტნიორის სამძიმარის სულებს, იხმობს წმინდანებს, ანგელოზებს და

32X


ღვთისშვილებს. შემდეგ კი ცხვარს ყელს გამოჭრის. სისხლით ახალგაზრდა ქალის ხელები იბანება. ძველი რწმენის მიხედვით, ცხოველის წმინდა სისხლი განწმენდდა ქალის უწმინდურებას და ააცილებდა მას დაბრკოლებებს (Berman, 2009). ტუიტი აღნიშნავს, რომ ქალი მსგავს რიტუალსა და ქრისტიანულ რწმენას შორის დაპირისპირებას ვერ ხედავდა და თავს მორწმუნედ მიიჩნევდა (Tuite, 2004. 1-2). საქართველოში შამანიზმის ფესვების აღმოჩენის პირველი მცდელობა არ ყოფილა ტუიტის 2004 წლის კველვა. ნიორაძე აფხაზურ და ქართულ ,,სულის-დაბრუნების’’ რიტუალებს უკავშირებს ბურიათის შამანების (მონღოლები) მსგავს პრაქტიკებს (ნიორაძე, 1940). ბლეიჩსტეინერი ატარებს ეთნოგრაფილ კვლევას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, ოჩიაურში, სადაც ის ეძებს ელიადეს მიერ შამანებზე გამოქვეყნებულ კვლევაში მოხსენებულ ადგილებს და იწერს ეთნოგრაფიას ქადაგზე (Bleichsteiner, 1936). გიორგი შარაშიძე თავის ნაშრომში ხევსურ ქადაგს მოიხსენიებს როგორ შამანს (Charachidzé, 1968).

ბარნი და ლანგი კი აღნიშნავენ რომ ,,ზოროასტრიზმი დიდი ხანია დავიწყებულია, მაგრამ ეს ხალხი გაცილებით ადრეულ ტრადიციებს იყენებს. ამას მოწმობს მთვარის ღმერთის კულტი, რომელსაც ეძახიან თეთრ გიორგის და ასოცირებულია წმინდა გიორგისთან. ასევე ამის მაგალითია ქართული ნაყოფიერების და თავიდან დაბადების ფესტივალი ბერიკაობა, რომელიც პეგანური შთაგონებისაა. ბერიკაობა მოიცავს ორგასტულ კარნავალს, სადაც გამასხარავებულია სექსუალური აქტი და წარმოდგენილია ფალოსური რიტუალები. (Burney & Lang, 1971 .224)

შარაშიძე აღდგომის ორშაბათს სასაფლაოზე ჭამა-სმის ტრადიციას და ღვინის მოსხმას წინაპრების საფლავზე, მიიჩნევს პაგანურ ფორმად (Charachidzé, 1968). თუმცა ყველა მის აზრს არ ეთანხმება. მაგალითად ეთნოლოგი და ფოლკლორისტი ზურაბ კიკნაძე მიიჩნევს, რომ ,,პაგანიზაცია არის ქერქი, რომლის შიგნით ჩვენ შეგვიძლია ქრისტიანული შინაარსი დავინახოთ. ვითარება თითქოს პარადოქსულია: რაც უფრო მოვდივართ სიღრმეში, მით უფრო ვადასტურებთ ქრისტიანობის კვალს, რაც იმას

33X


ნიშნავს, რომ ქრისტიანული შრე უფრო ძველია, ვიდრე წარმართული ელემენტი’’ (კიკნაძე, 2013).

გამოიკვეთა, რომ მიუხედავად რამდენიმე კვლევის არსებობისა, მაინც ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება იმ ,,პაგანური წარმოშობის’’ რიტუალებსა და ტრადიციებზე, რომლებსაც რამდენიმე ზემოთ მოყვანილი ავტორი ,,კავკასიურ შამანიზმს’’ უწოდებს. მნიშვნელოვანია, ეს თემა მეტად იქნას შესწავლილი, რომ არ მოხდეს იმ უნიკალური ინფორმაციის დაკარგვა, რომელიც ჯერ კიდევ შემონახულია მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლების კულტურულ მეხსიერებაში, მოხდეს მათი აღწერა, სახელდება და სხვა აბორიგენული შამანიზმის ფორმებთან შედარება.


3.2 ნეო-შამანიზმის გამოვლინების სივრცეები და სიმბოლიკა

ნეო-შამანიზმი მოიაზრებს უძველესი აბორიგენული ტრადიციების თანამედროვეობაში იმპლემენტაციას. პრაქტიკათა უმრავლესობა, განსაკუთრებით კი - შამანური მოგზაურობა - მიმდინარეობს წარმოდგენის ფორმატში, რომელიც გულისხმობს სივრცის იმგვარად მოწყობას, რომელიც დაემთხვევა ახალი ერის სპირიტუალისტურ ესთეტიკას და გასაქანს მისცემს პროცესის მონაწილეთა წარმოსახვებს. ერთგვარად ფსიქოლოგიურად შეამზადებს მათ ტრანსულ მდგომარეობაში შესასვლელად.

კვლევის პროცესში გამოიკვეთა საქართველოში ნეო-შამანიზმის რამდენიმე გამოვლინების სივრცე - დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, ურბანულად მეტად განვითარებულ ნაწილში, ვაკეში, არსებული დარბაზი; პრაქტიკოსთა პირადი საცხოვრებელი სახლები და დიჯიტალური სივრცე.

პრაქტიკის სივრცეების ამგვარ დაყოფას განაპირობებს საქართველოში შამანიზმის განსხვავებული ფორმების არსებობა. მე გამოვყოფდი სამ სახეს. პირველი, ესაა ნეო-შამანიზმი, რომელიც ხდება ჯგუფის, ერთგვარი კომუნის შიგნით. ამ დროს საჭირო

34X


ხდება საჯარო შეკრების სივრცის არსებობა. მეორე შემთხვევაში შამანიზმი ვლინდება როგორც ინდივიდუალური პრაქტიკა და გადაინაცვლებს პრივატულ, სახლის გარემოში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სივრცის მფლობელის თანხმობით მოხდეს კოლექტიური რიტუალების ჩატარებაც. დიჯიტალურ სივრცეში შამანიზმი სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება. მაგალითად, ვებ-გვერდების შექმნა, ფორუმებში მონაწილეობა და ინტერნეტ პრაქტიკებში მონაწილეობა, მათ შორის Zoom-ის პრატფორმის საშუალებით. ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებ თითოეულ მათგანზე.

საქართველოში შამანიზმის საჯარო გამოვლინება უკავშირდება პრაქტიკოსთა ჯგუფს, რომლებიც იკრიბებიან თანამედროვე შამანის, გიორგი ოლმეკის ხელმძღვანელობით. მათ საკუთრებაში არ აქვთ ცენტრი, ან შენობა, სადაც შეკრებას შეძლებდნენ, ამიტომ ქირაობენ დარბაზს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, რომელიც ადრე ცეკვის დარბაზი იყო, ხოლო ახლა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის საათობრივად ქირავდება. ჩემი რესპოდენტი ნათია (26 წლის) მიყვება, რომ მას შემდეგ, რაც კარლოს კასტანედას წიგნები წაიკითხა, ეძებდა თანამოაზრეებს, რომლებთან ერთადაც თეორიიდან პრაქტიკაზე გადასვლას შეძლებდა. არ ელოდა, რომ ასეთ ჯგუფს მალევე იპოვიდა და საჯარო პრაქტიკებსაც დაესწრებოდა. კასტანედას სწავლებიდან ინსპირირებული მაგიური პასების, სიყვარულის პრაქტიკისა და ლექციების გარდა, რომელსაც ნეო-შამანური ჯგუფი აქ ატარებს, ეს ადგილი ასევე დაკავშირებულია მედიტაციურ, დაოსური პრაქტიკებთან, აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებებთან და ა.შ.. დარბაზი მდებარეობს ერთ-ერთი ცნობილი იოგა ცენტრის შენობაში, ამიტომ მისაგნებად მარტივია. იგი შედგება დაახლოებით 20 კვადრატული მეტრი ფართობის დარბაზისგან, სამზარეულოსგან, სააბაზანოსა და პატარა გასახდელი ოთახისგან. თავად დარბაზის ერთ კედელზე მთლიანად სარკეებია, როგორც ჩანს თავიდანვე ცეკვის დარბაზისთვის განკუთვნილი სივრცე მას შემდეგ არ შეუცვლიათ, რაც თავიდან დაიგეგმა. გიორგი (27 წლის) მიყვება, რომ პრაქტიკები მოიცავს ფიზიკურ აქტივობას, რის გამოც ტანსაცმელს ყოველთვის იცვლიან. რაც შეეხება სივრცის შამანურ მოწყობას და სიმბოლიკას, ამ შემთხვევაში იგი სრულიად ნეიტრალურია და დაცლილი შამანური სპეციფიკისგან. რაც

35X


არ ახასიათებს ზოგადად ნეო-შამანიზმს. ამის სავარაუდო მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ სივრცე ამ ჯგუფს არ ეკუთვნის.

რაც შეეხება იმ პრაქტიკოსების პირად სივრცეებს, რომლებიც შამანიზმით არიან დაინტერესებული, მაგრამ საჯაროდ პრაქტიკებში მონაწილეობა სხვადასხვა მიზეზით არ უნდათ, ცერემონიებს საკუთარ ბინებში მართავენ. მაგალითად თაკო (26 წლის) მეუბნება, რომ გიორგი ოლმეკი მისთვის მასწავლებლის როლს ვერ ითავსებს და მის პრაქტიკებს არასოდეს დაესწრება - ,,რატომ უნდა ვიარო ასეთ პრაქტიკაზე, ტიპი (გულისხმობს ოლმეკს) ენერგიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, რომელიც საერთოდ უცნობია სხვებისთვის’’.

აღნიშნული დარბაზისგან განსხვავებით პირად პრაქტიკოსთა სახლებში ბევრი ისეთი სიმბოლო, ან ნივთია, რომლებიც დაკავშირებულია მათ სპირიტუალურ ინტერესთან. კვლევის ფარგლებში დავესწარი ერთ-ერთ შამანურ პრაქტიკას - კაკაოს ცერემონიას, ჩემი რესპოდენტის, დათოს (25 წლის), სახლში, რომელიც დამთანხმდა შემდგომ კვლევის ნაწილიც ყოფილიყო. მან მომიყვა იმ შამანური სიმბოლიკის ისტორიები, რომელიც სახლში ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ თითოეული ნივთი, რომელიც შესაძლოა თავიდან სიმბოლოდ მოგვჩვენებოდა, გაჯერებულია არა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობებით, არამედ არის ფუნქციონალურიც. პირველი ნივთი ეს იყო ფაიფურის სანაყი, ე.წ ფილთაქვა, რომელიც შესაძლოა უამრავ ოჯახში იყოს, ძირითადად წამლების დასაფშვნელად გამოიყენება. მის სახლში კი ამ ნივთს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ მასში ინაყება და იფშვნება მცენარეები ცერემონიული დანიშნულებისთვის. ეს პროცესიც, პრაქტიკის ნაწილს წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანი შამანური ატრიბუტი იყო დრამი, რომელიც არ უნდა ჩავთვალოთ როგორც მხოლოდ აბორგენული შესამოსელის ნაწილად. იგი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია ცერემონიის დროს და პრაქტიკოსისთვის წარმოადგენს ერთგვარ ტრანსპორტს სხვა ცნობიერებაში ,,გადასასვლელად’’. დათომ ამიხსნა, რომ ეს დრამი თანამედროვე ნაკეთობაა, შამანის ერთ-ერთი მოწაფე აკეთებს და მე საჩუქრად მივიღეო. მისგანვე გავიგე, რომ ერთი შამანის მიერ გამოყენებული დრამი სხვას არ უნდა გადაეცეს, უსაფრთოების

36X


მიზნებიდან გამომდინარე (რომ ცუდი ენერგეტიკა არ გადმოვიდეს). ასევე საინტერესო იყო ხეში გამოკვეთილი ნიღბის ისტორია. ეს არის, მუქი ყავისფერი, წაგრძელებული სახე, უფრო დემონისა, ფორმით მოგაგონებთ ინდური ხალხური ხელოვნების ნაწარმს. რესპოდენტი მიყვება, რომ იგი მას სხვა ადამიანისგან გადმოეცა, რომელმაც ბევრი რამ ასწავლა, შემდეგ კი ,,გაქრა’’. ნიღბის ისტორია ასეთია: ,,ეს ნიღაბი ყველაზე საფრთხილო რამეა, როგორც ჩემამდე მოაღწია, ვის სახლშიც ეგ იდო ყველა კვდებოდა. მერე ერთმა აიღო, დაბლოკა ეს სიკვდილები და რომ წავიდა მე დამიტოვა’’. რა თქმა უნდა დავინტერესდი მიზეზით, რა კავშირია ნიღაბსა და სიკვდილიანობას შორის და პასუხიც მივიღე. დათოს გადმოცემით როდესაც შამანი კურნავს ადამიანს, ის მის დაავადებას მიამაგრებს რაიმე ნივთს, რომელთანაც წვდომა არავის ექნება. ასეთი აღმოჩნდა ეს ნიღაბი. ამბობს, რომ ,,მასში ბევრი უბედურებაა’’. მისივე გადმოცემით, ნიღბის შენახვა მისთვის ის საზღაურია, რომელსაც მიღებული ცოდნისთვის იხდის. თვითონ კი ეძებს სხვა ადამიანს, რომელსაც ამ ნივთს გადასცემს. დავინტერესდი იცის თუ არა მეთოდი, რომლითაც ნივთის ამგვარ პორტალად გამოყენება შეიძლება, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღე.

კვლევის სხვა მონაწილეები, რომლებიც შამანიზმით არიან დაინტერესებულები, ამბობენ, რომ სახლებში აქვთ სხვადასხვა სპირიტუალური ნივთები: სანთლები, სურნელოვანი ჩხირები, მინერალები. მსგავსი ნივთების შეგროვება ახალი ერის სპირიტუალისტებისთვის დამახასიათებელია. რაც საკუთრივ შამანიზმით დაინტერესებულთა პირად სივრცეებს განასხვავებს, ესაა მცენარეების შეგროვება. მოშენებული აქვთ განსაკუთრებით ბევრი და ეგზოტიკური სახეობები. რომელთაგან ზოგიერთი ფსიქოდელურ საშუალებადაც გამოიყენება.

ნეო-შამანიზმის გამოვლინების ყველაზე დიდი სივრცე არის ინტერნეტი. რომელიც თავის მხრივ იყოფა შიდა სივრცეებად: ვებ-გვერდები, ფორუმები და სოციალური ქსელი.

ვებ-გვერდი, რომლის თემატიკაც შამანიზმი, მისი პრაქტიკები და პრაქტიკოსები არიან არის - Olmek.ru. იგი ეკუთვნის გიორგი ოლმეკს, რომელიც როგორც აღვნიშნე შამანიზმის საჯარო პრაქტიკოსთა ჯგუფის ფასილიტატორია. ის თუ როგორ უკავშირებს

37X


ის საკუთარ თავს შამანიზმის ტრადიციას, კარგად ჩანს აღნიშნულ ვებ-გვერდზე. აქ დეტალურად განვიხილავ საიტის სტრუქტურას და კონტენტს.

საიტის სტრუქტურა და დიზაინი მარტივია. უფრო მეტად ჰგავს ბლოგს. მოიცავს თავფურცელს და დამატებით რამდენიმე გვერდს. თავფურცელი შედგება სამი სვეტისგან. შუაში განთავსებულია ის ინფორმაცია, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო გვერდის სვეტები არის სხვა განყოფილებებზე გადასასვლელი ღილაკები, სადაც დამატებითი ინფორმაცია დევს პრაქტიკებსა და სწავლებებზე. საიტი ორ ფერშია: შავი და იასამნისფერი. ფონტის ზომა თითქმის ჰომოგენურია, ზოგიერთ ადგილებში ყურადღების გასამახვილებლად ფერები შეცვლილია და სიტყვები გამუქებული.

საიტზე შესვლისას თვალში გვხვდება განსაკუთრებით გამოკვეთილი სიტყვა: ზეადამიანები და მტკიცებითი ფორმის ფრაზა ,,ეს საიტი ემსახურება დედამიწის სულიერ მთავრობას!’’. რა ინფორმაციას გვაწვდიან ეს ფრაზები? შეიცავენ შამანურ კონცეფციას? ზე - ადამიანებში - პრეფიქსი ზე, რეპრეზენტაციაა იმ იდეის, რომ არსებობენ მაღალი განვითარების არსებები. ხოლო დედამიწის სულიერი მთავრობა, მიუთითებს, დაყოფას მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის. ასევე ჩანს, რომ სულიერი სამყაროში ხდება მატერიალური სამყაროს იერარქიების მოდელის გადატანა. ეს იდეა ,,აბორიგენული შამანიზმის’’ გამოვლინებისგანაც არ არის დაშორებული. კევინ ტუიტი თავის ნაშრომში: მონადირე, შამანი, ორაკული, მღვდელი: საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული შთამაგონებელი პრაქტიკების ეთნოისტორიული შეჯამება საუბრობს ხევსურეთში გავრცელებული იმ რიტუალების კოსმოლოგიაზე, რომლებიც შეიძლება შამანურად ჩავთვალოთ. იგი აღწერს ღვთაებრივ იერარქიას ღვთისშვილებს, ყმებსა და დევებს შორის (Taute, 2004).

სურათი 1. Olmek.ru - საიტის მთავარი გვერდი

38X


ტაუნსენდის დასკვნა, რომ ნეო-შამანიზმის მთავარი მისიაა დაკარგული, ან საიდუმლო ცოდნა გაავრცელოს და ამ კუთხით დაეხმაროს ადამიანებს მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილებაში ზუსტად ეხმიანება ამ საიტის შინაარს (Townsend, 1984. 41).

მთავარ გვერდზე საუბარი არის აპოკალიფსის მოახლოებაზე და მის საშიშროებაზე. საიტზე ცალკე სექცია ეთმობა იესოს. ქრისტიანულ დირკურსთან შერწყმა შამანიზმის ამ ფორმისა კარგად ჩანს მთავარი გვერდის ბოლოს განთავსებულ სიტყვებში ,,ვისაც თვალები აქვს, ის ხედავს’’ - ეს იესოს სიტყვების ინტერპრეტაცია, რომელიც მარკოზის სახარებაში გვხვდება ,,ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!’’ (მარკ, 4:9).

ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან არგუმენტსაც მოიცავს, თუ რატომ შეიძლება ადამიანების რაღაც ნაწილი არ დაინტერესდეს ნეო-შამანიზმის თემატიკით - მათ არ აქვს ,,თვალები, რომ დაინახონ’’. ეს ერთის მხრივ, იმ ადამიანთა რჩეულობას გამოხატავს, ვისთვისაც ეს თემა საინტერესოა, ხოლო მეორეს მხრივ, სრულიად გამორიცხავს, რომ ადამაინი შეიძლება საკმარისად განვითარებული იყოს სულიერად, მაგრამ ის იდეები

39X


მცდარად ეჩვენებოდეს, რომელიც საიტზეა განთავსებული. მისი ხედვა შეზღუდულია, ის არ არის მზად, სწორედ ამის გამო ვერ იგებს - ეს დისკურსი ხშირად გამოიყენება, როგორც საიტზე, ისე საჯარო პრაქტიკების დროსაც, როცა რომელიმე დამსწრე გადაწყვეტს, რომ ჯგუფი დატოვოს.

საიტზე სხვადასხვა თემებია გაშლილი: პრაქტიკები, რომლებსაც ოლმეკი ატარებს, საუბარია სულიერი იერარქიის წევრებზე, ქრისტეზე, ანტიქრისტეზე, ამერიკელ ინდოელთა სწავლებაზე, შეპრობილობაზე და სხვა. ასევე მითითებულია შეხვედრების დრო, ოლმეკის სოციალური ქსელის გვერდები და კონტაქტები.

რაც შეეხება სოციალური ქსელის გვერდებს, რომელიც საიტზეა მითითებული, გახსნილია მხოლოდ პრაქტიკოსებისთვის.

მეორე ვებ-გვერდი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ნეო-შამანიზმის საჯარო გამოვლინებაში დიდი წვლილი მიუძღვის არის magma.ge. ეს არის ეზოთერული ვებ-გვერდი, რომელზეც განთავსებულია ქართულად თარგმნილი ეზოთერული ლიტერატურა. ამჟამად ეს არის ყველაზე დიდი პლატფორმა, სადაც სპირიტუალიზმით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება. magma.ge კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ითვლება, რომ ყველა გამოყენებული წყარო ავთენტურია, ხოლო ლიტერატურისა თუ სტატიების ხარისხი მაღალი. გარდა თარგმნილი ლიტერატურისა, აქ შეხვდებით სტატიებს და ინტერვიუებს ქართველ ეზოთერიკოსებთან.

მაგმას ბიბლიოთეკაში შამანებთან დაკავშირებული ყველა წიგნის ნახვა შეგიძლიათ თაგით: შამანიზმი

სურათი 2. წყაროები შამანიზმზე - Magma.ge-ს ბიბლიოთეკა

40X


რადგან ქართული ,,ნეო-შამანიზმის’’ პრაქტიკები დიდწილად კასტანედას15 სწავლებებს ეყრდნობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი სწორედ ქართულ ენაზე თარგმნილი ლიტერატურა და მათი უფასოდ, ინტერნეტში გავრცელებაა. ჩემს ყველა რესპოდენტს ამ წიგნებიდან ერთ-ერთი მაინც წაუკითხავს. უმეტესობა შამანიზმით დაინტერესების მიზეზად კარლოს კასტანედას წიგნებს ასახელებს. ისინი ნაკლებ იცნობენ სხვა ავტორებს, მაგალითად არ გაუგიათ მაიკლ ჰერნერი, ძირეული შამანიზმის მოძრაობის ფუძემდებელი და არც ტერმინი ნეო-შამანიზმი. ამბობენ, რომ უბრალოდ შამანების ცხოვრების სტილი, კასტანედასა და სპირიტუალიზმის სხვადასხვა პრაქტიკები აინტერესებთ.

15 კარლოს კასტანედა - ამერიკელი ავტორი, ანთროპოლოგიის დოქტორი, რომელიც ველის კვლევისთვის გაემგზავრა მექსიკაში. სოციალურ მეცნიერებებში მიღებული დაკვირვების მეთოდის ნაცვლად, მან დაიწყო შამანური პრაქტიკების საკუთარ თავზე გამოცდა. თავის წიგნებში იგი აღწერს იმ პერიოდს, როდესაც შამანურ წვრთნას გადიოდა მექსიკელ შამანთან, დონ ხუანთან.

https://www.youtube.com/watch?v=PvzLKusEz8A – BBC-ს დოკუმენტური სერია კასტანედას შესახებ (7.06.2020)

41X


მაგმაზე გარდა ლიტერატურის ხელმისაწვდომობისა, შეხვდებით ინტერვიუს გიორგი ოლმეკთანაც, სადაც ის საუბრობს თავის მსოფლმხედველობაზე და შამანიზმთან კავშირზე16.

შამანიზმის განხილვა მიმდინარეობს სხვადასხვა ფორუმებზე, ბლოგებზე, სადაც ადამიანები გადმოსცემენ პირად რელიგიურ გამოცდილებებს, რომლებიც შამანურ ცერემონიაში მონაწილეობის დროს მიიღეს.17

ინტერნეტში ნეო-შამანიზმის გამოვლინებაა პრაქტიკები, რომლებიც ტარდება Zoom-ის პრატფორმის საშუალებით. ეს სივრცე განსაკუთრებით აქტუალური გახდა კორონა ვირუსის პანდემიის დროს. ჯერჯერობით შამანიზმის ქართველი ფასილიტატორები ამ ტექნოლოგიას არ იყენებენ, თუმცა ბევრი სპირიტუალიზმით დაინტერესებული ქართველი ესწრება უცხოელი შამანების მიერ ჩატარებულ ონლაინ სესიებს.

ზუმის ფორმატში ტარდება ლექციები და პროცესები, რომლებიც რეალური ნეო-შამანური ცერემონიის ანალოგია. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ როგორც წამყვანს, შამანიზმის პრაქტიკოსს, ასევე დამსწრე საზოგადოებას, მათი სივრცეები ჰქონდეთ მოწყობილი, სანთლებით, სურნელოვანი ჩხირებითა და მცენარეებით. ამგვარი ესთეტიკის მიზანი პრაქტიკოსის ფსიქოლოგიური განწყობის შექმნის გარდა არის სულების პატივისცემა.


3.3 კანონთან ურთიერთობის პრობლემები

როგორც წინა თავებში აღვნიშნე, მსოფლიოში გავრცელებულია ნეო-შამანიზმის სხვადასხვა ფორმები. ზოგიერთი მათგანი თავის პრაქტიკაში ითვალისწინებს ცნობიერების შემცვლელი ნივთიარებების მოხმარებას, სხვები კი არა. კვლევის შედეგად


16 მამუკა გურულის ინტერვიუ ოლმეკთან - http://magma.ge/categories/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90/488-olmek1


17 სანტო დაიმე -  https://ayahuma.blogspot.com/?fbclid=IwAR2qvLKzrWVEF-7xH-PwjO4xfsoHN6jdp94839q_yXrhBfGuLU1BytchN5s (26.06.2020)

42X


გამოიკვეთა, რომ ნეო-შამანიზმის ოლმეკის ჯგუფში, რომლებიც საჯაროდ იკრიბებიან, ფსიქოდელურ ნივთიარებებს არ მოიხმარენ.18 თუმცა ინდივიდუალური პრაქტიკოსები ხშირად გამოიყენებენ მათ, ზოგიერთ მათგანს სურვილიც აქვს, რომ ამ პრაქტიკების საჯარო სივრცეში გატანა შეძლონ, მაგრამ არსებობს გარკვეული დაბრკოლებები სამართლებრივი კუთხით.

საქართველოში ფსიქოდელური ნივთიერებების მიღება, კულტივირება, გამოწერა კანონით არის აკრძალული. კანონში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ მე-11 მუხლში ვკითხულობთ:

,,1. აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში შეტანილი ნივთიერებების ყოველგვარი პოპულარიზაცია და რეკლამა’’

გარდა იმისა, რომ შამანური ცერემონიის ჩატარება, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ნივთიერების მოხმარებას, საქართველოში არ არის დაშვებული. აკრძალულია მისი რეკლამირებაც.

მიუხედავად შეზღუდვებისა ნეო-შამანიზმის ეს მხარე კი არ გაქრა, არამედ პრივატულ სფეროში გადავიდა და ამით მეტი მისტიციზმიც კი შეიძინა.

28 წლის ლუკა ინტერვიუში შემდეგ ინფორმაციას მიზიარებს:

,,მინდა DMT-ის ცერემონიის ჩატარება.19 უბრალოდ საქართველოში ძნელია. არადა ეს შეიძლება უამრავ ადამიანს დაეხმაროს გამოღვიძებაში. ისიც მოსარიდებელია, რომ არ იცი ვინ მოვა, ამ პრაქტიკებს წინასწარი მომზადება სჭირდება. საბოლოო ჯამში მაინც ისეთი ადამიანები უნდა შეიკრიბოთ, თუ ამის გაკეთება გინდა, რომლებსაც ენდობი, კანონითაც რომ იყოს დაშვებული. ყველა ამას ვერ გაიგებს. თან პასუხისმგებლობასაც იღებ ერთგვარად, როცა ადამიანს სთავაზობ. ეს სულიერი პრაქტიკაა’’.


18 ჩემი რამდენიმე რესპოდენტი ამ ჯგუფს უწოდებს ,,კასტანედას ჯგუფს’’, თუმცა ოფიციალური სახელი არ აქვთ. გიორგი ოლმეკს შამანს უწოდებენ, თუმცა საკუთარ თავს შამანიზმის მიმდევრებად არ თვლიან.


19 DMT- ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც შედის ზოგიერთი მცენარის შემადგენლობაში

43X


კვლევის პერიოდში გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ არაერთი ადამიანი იწერს სხვადასხვა მცენარეებს ფოსტის და სხვადასხვა გადამზიდი კომპანიების საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლითაც შესაძლებელია ფსიქოდელური ნივთიერებების დამზადება. ამის კონტროლი არ ხდება. ყოველ შემთხვევაში არცერთ რესპოდენტს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.


3.4 შამანის როლის აღქმა ნეო-შამანიზმით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს შორის

საქართველოში არ არსებობს საზოგადოება, რომელიც ჩაატარებს სასწავლო კურსებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ შამანური ჯგუფური პრაქტიკების ჩატარება, ან შამანობა. თუმცა ასეთი კურსები არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ზოგადად შამანის ლეგიტიმაცია ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი ქარიზმატული პიროვნებაა და/ან აქვს საკუთარ თავზე მუშაობის დიდი გამოცდილება. რელიგიური ცოდნა, გამოცდილება, ან ზებუნებრივი უნარები, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არაა.

საქართველოში არ არის ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც თავის საქმიანობას შამანიზმს უკავშირებს. თუ არიან, ფართო მასებისთვის მათთან შეხვედრა ხელმისაწვდომი არაა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც საჯაროდ აცხადებს მის კავშირს შამანიზმთან არის გიორგი ოლმეკი. მის შესახებ ინფორმაციის მოძიებაც თავისუფლად არის შესაძლებელი. იგი ამბობს, რომ დაკავშირებულია ძირძველ შამანიზმთან წინა ცხოვრებაში.

ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ და გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მას შამანად მიიჩნევენ და ამგვარივე სტატუსით მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რელიგიურობამ ფორმა იცვალა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც კუთხით რელიგიური იერარქია შენარჩუნდა. ურთიერთობა შამანურ პრაქტიკებში მონაწილესა და პრაქტიკის წამყვანს შორს მეტად არაფორმალურია. შესაძლებელია, რომ მას პირდაპირ დაუსვა კითხვები და ის გიპასუხებს როგორც მეგობარი და არა როგორც ზემდგომი, თუმცა ამ დროს

44X


ადამიანი აცნობიერებს, რომ ამ ადამიანთან, რომელთანაც რჩევის საკითხავად მივიდა, რაღაც განასხვავებს და ეს განსხვავება არის სულიერი გამოცდილება. ეს ადამიანი ასრულებს ერთგვარი გიდის როლს, რომელსაც შეუძლია სხვებიც იმ მიმართულებით წაიყვანოს, რა მიმართულებითაც თვითნ უკვე უვლია, ,,იცის დაბრკოლებები და შესაბამისად ეფექტურად უძღვება სხვებს’’ - აღნიშნავს ჩემი რესპოდენტი ზურა (39 წლის).

ამ სახის ურთიერთობაში მთავარია, რომ შამანმა შეძლოს რელიგიური გამოცდილების, ან განსხვავებული შეგრძნებების გადაცემა სხვებისთვის, თუ ეს არ ხერხდება, მაშინ ხშირად თავად შამანი და სხვა დამსწერე საზოგადოებაც ამბობს, რომ ეს ადამიანი არ იყო მზად და გახსნილი იმისთვის, რომ მიეღო ის სწავლება, რომელსაც გადასცემენ. 35 წლის მარი, ყვება, რომ ჯგუფის დატოვების არაერთი შემთხვევა ყოფილა - ,,არ არიან მზად, ამ სწავლებისთვის, ხშირად ძალიან დიდი ეგო აქვთ’’ - აღნიშნა მან ფოკუს ჯგუფის მსვლელობისას. ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში სკეპტიკურად არიან განწყობილები პრაქტიკების მიმართ, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და რეალურად არანაირი ცოდნის მიღება არ არის შესაძლებიელი, სხვები კი რჩებიან ჯგუფში იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენი ხნის განმავლობაშიც თვლიან, რომ შინაგანი/სულიერი ზრდა განიცადეს, ან განიკურნენ.

ჯგუფურ შეკრებებზე ჩართული დაკვირვების დროს გამოიკვეთა, რომ შესაძლოა ამ პრაქტიკებმა შედეგი დაუყოვნებლივ არ გამოიღოს, ან იყოს პერიოდები, როდესაც შეგრძნებები არ არის ძლიერი, ამ დროს ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ ჯგუფში სიარული შეწყვიტოს. ამის თავიდან ასაცილებლად, შამანს აქვს შემუშავებული თავისი სტრატეგია, რომელიც ეფუძნება ისტორიების მოყოლას. ეს ისტორიები არის სხვადასხვა სულიერ მაძლიებლებზე, რომლებსაც არ ეყოთ ნების ძალა, ან დისციპლინა იმისთვის რომ ბოლომდე გაყოლოდნენ პრაქტიკას. ამით გააფუჭეს მთელი ის შედეგები, რომლებიც მანამდე ჰქონდათ მიღებული. ასევე არის ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ასრულებდნენ სხვადასხვა სავარჯიშოებს და არაფერი გამოსდიოდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა გააგრძელეს მეთოდების გამოყენება და მიაღწიეს ექსტაზურ მდგომარეობას. ჯგუფის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ

45X


თითოეული წევრი განიცდის ინდივიდუალურ ყურადღებას. ეს შეიძლება იყოს მოკითხვა, შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ან უბრალოდ მოძრაობის გასწორება, თვალებით კონტაქტი და ა.შ.

ნეო-შამანიზმში, შამანიზმის აბორიგენული ფორმისგან განსხვავებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირად გამოცდილებას. ეს გამოჩნდა საქართველოს შემთხვევაშიც. შამანი არ არის ის ადამიანი, რომელიც ერთგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა სამყაროებს შორის. დღეს ნეო-შამანიზმით დაინტერესებულებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა პირადი გამოცდილება. მოგზაურობას, რომელიც შამანიზმისთვის ასე მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი ცნებაა, შამანი კი არ ახორციელებს, არამედ ის ეხმარება სხვებს, რომ ეს მდგომარეობა თავად გამოსცადონ.

კითხავზე თუ რამდენად საჭიროდ მიაჩნიათ შამანის ფიგურა, თუნდაც ფსიქოდელური მოგზაურობების დროს. რესპოდენტები ფოკუს ჯგუფის დროს განსხვავებულ აზრებს აფიქსირებდნენ.

,,ჩემი აზრით არ უნდა მიიღო ეს ნივთიერებები მარტომ. [...] ძალიან კარგია თუ შამანი არსებობს, რომელიც ამ ყველაფერს განსაზღვრავს რამდენად მზად ხარ და გჭირდება ამ ნივთიერებების მიღება, მაგრამ თუ შამანი არაა ვიღაცა უნდა იყოს, ვისაც შენზე ადრე გამოუცდია იგივე და შეუძლია დაგეხმაროს. ძლიერ ფსიქოდელიკებზე ეგრე ვფიქრობ და შრუმების (ფსიქოდელური სოკოების) მოხმარება ისეთი ძლიერი არაა და თუ ფსიქიკა მყარი გაქვს შენითაც თავისუფლად შეგიძლია იყო საკუთარი თავის მასწავლებელი‘’ (მარიამი 24 წლის).

რესპოდენტი საუბრობს იმაზეც, რომ ფსიქოდელური ნივთიერებების მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული, თუ ადამიანი ,,სიკვდილის’’ ზღვარზე არ დგას. ,,სიკვდილის’’ თემა და ,,სუიციდის მცდელობა’’ გამეორდა ბექას ისტორიაშიც, რომელიც აღნიშნავს, რომ თვითონ ასეთ მდგომარეობაში იყო, როცა გვერდით არავინ ჰყავდა, არც შამანი, ამიტომ დამოუკიდებლად გასინჯა ფსიქოაქტიური მცენარე.

,,მე მაგალითად ყველაფერი მარტომ დავიწყე, მაგრამ იყო დიდი შიში, უბრალოდ მაგ დროს სხვა გზა არ მქონდა. ინტერნეტში წავიკითხე ინფორმაცია, ინტერნეტიდანვე გამოვწერე და პირველად როცა ვიღებდი ისეც არ ვიცოდი რა მოხდებოდა. ახლა უკვე

46X


ვიცნობ რამდენიმე შამანს და თუ დამჭირდა მივმართავ. საერთოდ მეც მინდა მათი საქმიანობის გაგრძელება და საბოლოოდ ამის ხალხამდე მიტანა. ეს მართლა გამოღვიძების ის გზაა, რომელიც მე დამეხმარა ძიება დამეწყო და კიდევ არაერთ ადამიანს’’ (ბექა, 27 წლის).

ამ ორ პასუხში ძალიან კარგად ჩანს შამანის როლი, ეს არის გამოცდილი ადამიანი, რომელსაც შეგიძლია კითხვებით მიაკითხო მაშინ, როდესაც რაიმე პრობლემებს გადააწყდები პირადი გამოცდილების მიღების დროს. ის ერთგვარი გაზამკვლევის ფუნქციას ასრულებს და არ აღიქმება აღმატებულად, ისეთი განსაკუთრებული უნარის მქონედ, რომლის მიღწევასაც სხვა ადამიანები ვერ შეძლებენ, თუკი ამის სურვილი ექნებათ.

არიან ისეთი რესპოდენტები, რომლებიც პრაქტიკისთვის შამანი მასწავლებლის ყოლის აუცილებლობას ხედავენ. კერძოდ, ისინი მიუთითებენ იმ საშიშროებაზე რომ მარტო შამანური მეთოდების გამოყენების შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღოს.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შამანების ძველი განმარტება, რომ მათ აქვს განსაკუთრებული უნარები იკონტაქტონ სულების სამყაროსთან, დღესდღეობით უგუნებელყოფილია. შამანი აღიქმება განსაკუთრებულად იმდენად, რამდენადაც მას აქვს ცოდნა. იგი ერთგვარი ცოდნის მცველიც კია, რომელსაც შეუძლია იგი გაუზიაროს კონკრეტულ ადამიანს, ან არ გაუზიაროს. ის არ არის ერთადერთი, ვისაც ამ ცოდნის გამოყენება შეუძლია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცოდნა შამანური მოგზაურობების შესახებ ერთგვარი მეცნიერული კონსტრუქტია, ფორმულა, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ადამიანები აუცილებლობით ხვდებიან იმ სივრცეებში, რომელბიც წინასწარ არის გამოკვლეული.

,,[...] სადმე გადაჩეხვის საფრთხეც არსებობს. შამანებზე ბევრი რამ გამიგია, რადგან სწორედ ეგენი მოიხმარდნენ სხვადასხვა პრაქტიკების დროს და ამ სფეროში რომ ხარ გინდა არ გინდა ბევრს იგებ შამანებზე და შენ თავში სულ ტრიალებს, უბრალოდ მე შემხვედრიათქო ვერ ვიტყვი. არიან ვიღაცები, ვინც პრაქტიკებს ატარებენ, მაგრამ მე ძირითადად ეგენი უფრო ისეთი ხალხი მგონია, ვინც უბრალოდ გამოცდილია

47X


ნარკოტიკების მიღებაში და რომ გაგიძღვეს და სერიოზული ცერემონია ჩაატაროს ეგეთი ნაკლებია’’’ (შაკო, 30 წლის).

ამ პასუხში კიდევ უფრო მეტად ვხედავთ შამანის ფენომენის გაუბრალოებას.

ზოგიერთ ინტერვიუში კარგად ჩანს სპეციალური ადგილების არსებობის სურვილი, სადაც შამანის დახმარების მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება.

23 წლის თაკო აღნიშნავს, რომ:

,,საერთოდ უცხოეთში დასაშვებია და ძალიან ბევრი ცენტრებია, სადაც მაგალითად მიდიხარ და აიაჰოასკას იღებ. სპეციალურად არის სიტუაცია მოწყობილი, დამხმარეები, შამანები, არი პროგრამა, რომელიც ძველ შამანურ რიტუალებზეა აგებული და ეს ყველაფერი ტარდება. ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა ხალხის ,,ფიდბექები’’, რომ გამოდიან ყვებიან რა გამოცდილებები ჰქონდათ და აი ძალიან მაგარი იქნება ეგეთი რაღაცა აქაც რომ იყოს.’’

თაკო გამოთქვამს აზრს, რომ ზოგიერთი ფსიქოლოგიური პრობლემის დროს ადამიანს ძალა არ აქვს აკეთოს ფიზიკური სავარჯიშოები, ამიტომ ისეთი პრობლემების დაძლევისთვის როგორიცაა სუიციდისადმი მიდრეკილება და ღრმა დეპრესია, აუცილებელია ძლიერმოქმედი ფისქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება. მისი ვარაუდით ეს საგრძნობლად შეამცირებდა თვითმკვლელობების სტატისტიკას. ,,ჩემი აზრით, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ თვითმკვლევლობების რიცხვს სერიოზულად შეამცირებდა. მაინც მჯერა, რომ თუ ეძებ პულობ და შეიძლება ეს შამანი იყოს, ან უბრალოდ ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს მხოლოდ გასართობად არ იყენებს, ისეც ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია ეს გასართობად გამოიყენო, იმდენად სხვა სიღრმეებში ჩაყავხარ.’’ - რესპოდენტის პასუხში იკვეთება, რომ მნიშვნელოვანია არა იმდენად შამანის ფიგურა, რამდენადაც ის სუბსტანციები, რომლებიც მოგზაურობისთვის გამოიყენება. აბორიგენული შამანიზმის შემთხვევაში კი მდგომარეობა სხვანაირადაა. შამანის ფიგურა, როგორც ,,ტრანსის ოსტატისა’’ გაცილებით მაღალია, რადგან მას აქვს ის განსაკუთრებული ძალა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ეკონტაქტოს სულებს, რომლებიც კარნახობენ როგორ უნდა მოამზადოს ესა თუ ის ნაყენი და ნივთიერება.

48X


აბორიგენი შამანის ამ ზებუნებრივი ძალის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას პოემის ,,გველის მჭამელის’’ მთავარი გმირი - მინდია.20

ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემების შექმნის გარდა, 22 წლის გოგა, საუბრობს ფიზიკური დაზიანების შესაძლებლობაზე, თუ არ გეყოლება დამხმარე ფსიქოდელური საშუალებების მოხმარებისას:

,,ამ დროს შენი თავის შამანი შენ ხდები, უბრალოდ ვფიქრობ სითერი აუცილებელია რა, თუ არ ხარ გამოცდილი, ცუდ ,,სეთინგში’’ ხვდები და ,,ბედ თრიფის’’ შესაძლებლობა იზრდება, ფაქტორბრივად რეალობა სხვანაირად გეჩვენება და რა იცი როდის მოგინდება ფანჯრიდან გადახტე (იცინის). ჰოდა კი, თავიდან მითუმეტეს აუცილებელია. მაგრამ მერეც ყველა მოგზაურობა განსხვავდება და რაღაცას გასწავლის. სიღმეებში რომ შედიხარ შეიძლება ბევრი ისეთი საშიში რამ დაინახო, რომ რეკომენდაციები აუცილებელია.’’

საინტერესოა, რომ ეს რესპოდენტი შამანის, როგორც მასწავლებლის კიდევ ერთ ასპექტს აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ფიზიკურად არ იცნობდე მას, მაგრამ გქონდეთ ერთგვარი სულიერი კავშირი, მათ შორის გარდაცვლილ შამანთან ,,შეიძლება შამანი არ გყავდეს ფიზიკურად, მაგრამ წაკითხული გქონდეს და პრაქტიკებს აკეთებდე, მაგალითად კასტანედასი და მაშინ ის ხდება შენი შამანი. მერე რა რომ ფიზიკურად არ არის. ეგ არაფერს ნიშავს’’ (გოგა 22 წლის).

რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ შამანთან მისვლის მოტივაცია არის ცხოვრებაში გადატანილი ტკივილი და სხვადასხვა სოციალური პრობლემა, მაგალითად უმუშევრობა. კვლევაში მონაწილე ადამიანების დაახლოებით 30% არ არის დასაქმებული, ან აქვს დროებითი სამუშაოები. ,,სამუშაო ძნელი საშოვნელია საქართველოში. დიდი ხანი ვმუშაობდი სტაჟიორად ხან ერთ სამსახურში, ხან მეორეში, მაგრამ ანაზღაურება თითქმის არსად არ იყო. მსგავსი სიტუაცია არაერთხელ გამომიცდია, არც სამსახურებში ადამიანების მიმართ დამოკიდებულება მომწონს’’ (ლუკა 26 წლის).

ამ ადამიანებისთვის შამანი შეიძლება იყოს ნებისმიერი, „ვინც თავისი ილუზია დაძლია და ახლა სხვებს ეხმარება იგივე პროცესის გავლაში. შეიძლება საერთოდ არ თქვას რომ შამანია,


20 ვაჟა-ფშაველა - ,,გველის მჭამელი’’ http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/vaja_pshavela/Poemebi/gvelis%20mcshameli.pdf

49X


მაგრამ მიხვდები, რომ გასხვავებული ადამიანია და შენთვის რაღაცის სწავლება შეუძლია. მერე სწრაფად ხდება შენი განკურნებაც’’ (ზურა 25 წლის).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შამანის ცნება მეტად გაფართოებულია და სხვადასხვა ადამიანი, შესაძლოა მასში სხვადასხვა მნიშვნელობას დებდეს, უმეტესობისთვის შამანი შესაძლოა იყოს ყველა ვინც სხვადასხვა სპირიტუალური პრაქტიკითაა დაკავებული. რესპოტენდი ნიკა (36 წლის) ჩემთან საუბრისას ასეთ რამეს აღნიშნავს: ,,შენ შამანი რა გგონია, შენც შამანი ხარ, აი, მგონია, რომ შუა საუკუნეებში რომ ვიყოთ ჯადოქარი ეგონებოდი ვინმეს და კოცონზე დაგწვავდნენ. ყველა სპირიტუალისტი ეგრე იყო’’.

შამანის ამგვარ გაგებას ფოკუს ჯგუფის სხვა მონაწილეები არ დაეთანხმნენ. ეს აჩენს ტენდენციას, რომ ნეო-შამანიზმის ქართველი პრაქტიკოსებისთვის არ არსებობს შამანის ფიგურის შესახებ ერთი, ჩამოყალიბებული, აზრი და მისი აღქმაც მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურია.


3.5 ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკები: კაკაოს ცერემონია, მაგიური პასები, სიზმართხილვა, ინტერნეტ -პრაქტიკები

კვლევის პროცესში შესაძლებლობა მომეცა დავსწრებოდი კაკაოს21 - შამანურ ცერემონიას, რომელიც ერთ-ერთი პრაქტიკოსის სახლში ტარდებოდა. ცერემონიისთვის გამოიყენება არა ჩვეულებრივი კაკაო, არამედ სუფთა სახის. მისი ყიდვა შესაძლებელია სხვადასხვა უცხოურ საიტებზე. ცერემონია ჩატარდა საღამოს პერიოდში, სანთლების განათებაზე. პროცესი შედგებოდა რამდენიმე ნაწილისგან. პირველი ნაწილი იყო სივრცის მოწყობა. რომლის დროსაც მონაწილეებმა იატაკზე განათავსეს იოგა მატრასები, ისე, რომ წრეში დაჯდომა ყოფილიყო შესაძლებელი. როგორც ამიხსნეს წრეში ჯდომას თავისი



21 კაკაო - მცენარე, რომელიც გამოიყენება ცერემონიის დროს

50X

დანიშნულება აქვს, ასეთ დროს ენერგია არ იკარგება და ჯგუფის შიგნით ნარჩუნდება. ასევე იქმნება ერთგვარი საკრალური სივრცე წრის შიგნით.

კაკაო არ იწვევს ჰალუცინაციებს, ითვლება, რომ ეს არის გულის გამხსნელი მცენარე. საიტებზე საიდანაც მისი გამოწერა შესაძლებელია, მითითებულია, რომ მცენარე ხსნის გულის ენერგეტიკულ ცენტრს და მისი მიღების შემდეგ ადამიანი განიცდის კავშირს სხვებთან და სამყაროსთან ისე, როგორც ეს მანამდე არასოდეს განუცდია. შამანის როლში ამ შემთხვევაში თავად სახლის მფლობელი იყო, რომელმაც სპეციალური წესით მოამზადა კაკაო, თაფლითა და მწარე წიწაკით, მისი გადმოცემით ეს იყო მაიას ტომების რეცეპტი. მანვე აგვიხსნა, რომ არასწორი მიღებისა, ან განწყობის შემთხვევაში მცენარე არ იმოქმედებდა. კაკაოს გემო ძალიან მწარეა, ამიტომ ხდება მისი შეზავება თაფლთან, მაგრამ არ გამოიყენება შაქარი, რადგან ითვლება, რომ ის ანეიტრალებს მოქმედებას. ჩვენი ცერემონიის შამანმა აგვიხსნა, რომ თითეულ მცენარეს ჰყავს სული. საჭიროა ამ სულის მოხმობა საკურალურ წრეში.

ცერემონიის მეორე ნაწილში, მას შემდეგ რაც სასმელი მზადაა, შამანი იხმობს კაკაოს სულს, რომ ის დაესწროს ცერემონიას. მიმართვა ხდება ხმამაღლა, სამჯერ. შემდეგ ყველას მოუწოდებს, რომ გაკეთდეს დათქმა, თუ რისი მიღება სურთ ამ პრაქტიკისგან. შემდეგ ეტაპზე ყველა სვამს კაკაოს. ცერემონიის ბოლო ნაწილი ეძღვნება ცეკვას, ამ პროცესის დროს შამანი უკრავს დრამს. ცეკვა ინდივიდუალურია. თითოეული ადამიანი თავის პირად სივრცეშია და იღებს ინდივიდიალურ გამოცდილებას.

ცერემონიის ბოლოს შამანი წარმოთქვამს სამადლობელ სიტყვას იმ სულის მიმართ, რომელიც ცერემონიას დაესწრო და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა ჰქონოდათ ესა თუ ის გამოცდილება.

რაც შეეხება მაგიური პასებს 22, ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ქართველი ნეო-შამანები გამოიყენებენ სხვადასხვა ნივთიერებების მიღების გარეშე.



22 მაგიური პასები (Magical Passes) - კარლოს კასტანედას მიერ აღწერილი ერთ-ერთი შამანური მეთოდი.

51X

მასზე ინფორმაციის ძიებასაც ოლმეკთან მივყავართ, რომლის საიტზეც ვერ იპოვით ვერანაირი ინფორმაციას ნარკოტიკების, ან მათი საშუალებით მოგზაურობის შესახებ, მაგრამ შევხვდებით ინფორმაციას იმ პრაქტიკების შესახებ, რომელსაც ის ატარებს შაბათობით, თბილისში, ერთ-ერთ დარბაზში - ეს პრაქტიკა არის მაგიური პასები - რომლის შესახებაც ინფორმაცია განთავსებულია თავად ოლმეკის საიტზე http://agmdgenivarjishebi.ru/. აქვე არის შესაძლებელი ზოგიერთი ვარჯიშის ვიდეო ჩანაწერის ნახვა.23 ვარჯიშების აღწერისას და მეტი ლეგიტიმაციისთვის ოლმეკი წერს თავის კავშირზე ძველ შამანურ ტომებთან: ,,ოდესღაც მე სამხრეთ ამერიკელი ინდიელების "ოლმეკების" ტომში ვცხოვრობდი. ოლმეკებმა შექმნეს ამერიკელი ინდიელების ცნობილი კალენდარი, მაგიური პასების მნიშვნელოვანი ნაწილი, სიზმარხილვის პრაქტიკები და სხვა.....’’24

რას მოიცავს თავად პრაქტიკა?

,,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს შამანური ტრადიციაა’’. ,,ძველი შამანები იკვლევდნენ ადამიანისა და სამყაროს ენერგეტიკულ საფუძვლებს, ასე ვთქვათ სამყაროს გეომეტრიას, ისინი არამარტო ხედავდნენ ენერგიას არამედ ამ ცოდნის საფუძველზე ქმნიდნენ ენერგეტიკულ პრაქტიკებს.’’25

სავარჯიშოების აღწერის ველში იგი ასევე საუბრობს ფილოსოფიურ აღქმაზე, რომელიც აუცილებელს ხდის დაინტერესებული ადამიანებისთვის მსგავსი სავარჯიშოების შესრულებას. იგი ეფუძნება იდეას, რომ ისევე როგორც ადამიანები ზრდიან და უვლიან ზოგიერთი შინაურ ცხოველს, რომ შემდეგ მისი ხორცით, ან სხვა რესურსით ისარგებლონ, ასევე

,,ადამიანსაც ყავს თავისი პატრონი, რომელიც კაცობრიობას მხოლოდ გამრავლებისა და კვების უფლებას უტოვებს! მაგრამ ამ პატრონის დასანახათ ამაღლებული ცნობიერება იყო საჭირო. ძველ მაგებს კიდე უამრავი მიზეზი და გამოწვევა ჰქონდათ რათა შეექმნათ ისეთი ენერგეტიკული ტრენინგი როგორსაც მაგიური პასები წარმოადგენს.’’26


23 მაგიური პასები -  https://www.youtube.com/watch?reload=9&v=cvPm4sKWEL0 (27.06.2020)


24                                    Olmek.ru (27.06.2020)


25 მაგიური პასები:   http://agmdgenivarjishebi.ru/ (27.06.2020)


26                                   http://agmdgenivarjishebi.ru/

52X


გარდა მაგიური პასებისა, შამანიზმის კიდევ ერთი პრაქტიკა, რომელშიც არ გამოიყენება ენთოგენური მცენარეები არის სიზმართხილვა. ორივე ეს პრაქტიკა აღებულია კარლოს კასტანედას წიგნიდან ,,მაგიური პასები’’ და ,,სიზმართხილვის ხელოვნება’’.27

შამანიზმის თავისებური მსოფლხედველობის წარმოსაჩენად, ოლმეკი წერს წიგნებსაც, რომლებშიც საუბარია შამანიზმის ტრადიციაზე, პრაქტიკებზე, ენერგიებზე და მათ როლზე ადამიანების დახმარების საქმეში. ოლმეკის ნარატივში ერთერთი მთავარი იდეაა, რომ კაცობრიობა არის განადგურების წინაშე და ამ განადგურების წინაღმდეგ ბრძოლაში თვითონ არის აქტორი და მაღალი ძალების მსახური. მისი ნაწერები შეიცავს ეზოთერულ ფილოსოფიურ იდეებს ეგრეგორების შესახებ (მმართველი ძალების შესახებ, რომლებიც ადამიანების ენერგიებით იკვებებიან), რომელიც შერწყმულია ქრისტიანულ კონტექსტთან აპოკალიფსის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაც ცხადყოფს, რომ ქართული შამანიზმი არ არის პროფანული ფენომენი და მხოლოდ ენერგიის გაძლიერებას, ან სტრესისგან თავის დაღწევას არ ემსახურება, იგი ამასთანავე არის რწმენების ერთობლიობა. მის შემოქმედებაში გაზიარებულია რელიგიის საერთო წარმოშობის იდეა - მისთვის ბუნებრივია სხვადასხვა რელგიური ტრადიციის წარმომადგენლების ერთ კონტექსტში მოქცევა.28

სიზმართხილვა - ესაა გაცნობიერებული სიზმრების ტექნიკა. რესპოდენტების გადმოცემით, იგი წარმოადგენს ცნობიერების სავარჯიშოს, რომლის დროსაც პრაქტიკოსს შეუძლია სიზმრის რეალობის კონტროლი, სხვადასხვა ცოდნების მოგროვება და მატერიალურ სამყაროში გადმოტანა. ასევე ზოგიერთი მიმდევარი საუბრობს ისეთ შესაძლებლობაზე,


27 კარლოს კასტანედა - სიზმართხილვის ხელოვნება - http://magma.ge/library/236-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 (27.06.2020)


27 Megical Passes - https://www.youtube.com/watch?v=vE032axqpII (27.06.2020)

ნაწყვეტი ოლმეკის წიგნიდან ,,კატისებრთა მოძრაობები’’ http://agmdgenivarjishebi.ru/Magiuri%20pasebi%20devebi.htm (27.06.2020)

53X


როგორიცაა სიზმრის გამატერიალურება. სიზმრების სამყაროდან სხვადასხვა ნივთებისა, თუ მოვლენების მატერიალურ პლანზე გადმოტანის შესაძლებლობა.

ეს პრაქტიკა აბორიგენული შამანური ტექნიკების კასტანედასეულ ინტერპრეტაციას ეფუძნება.

დღეს ფართოდ გავცელებულია ინტერნეტ - პრაქტიკა. გლობალიზაციის პერიოდში არ უნდა დავივიწყოთ, რომ შესაძლებელია ადამიანი ჩაერთოს სხვადასხვა პრაქტიკებში ონლაინ. განსაკუთრებით ეს მიმართულება გააქტიურდა კორონა ვირუსის გამო იზოლაციის პერიოდში და მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, მათ შორის უფასო სემინარები, რომლებში მონაწილეობაც შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან. მეც დავესწარი ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას, რომელსაც ჩემ გარდა რამდენიმე ქართველიც ესწრებოდა. ღონისძიება მიძღვნილი იყო სულიერი კუთხით ქალების გაძლიერებისთვის და მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ ქალებს. ერთ-ერთი ასეთი სემინარის დასახელება იყო - საშვილოსნოს ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა მალაიკა მავენა დარვილი. მისი სემინარი მოიცავდა სპეციალურ ცერემონიას, რომლის დასაწყისშიც მან მოუხმო უნივერსალურ ქალურ ენერგიას დასახმარებლად, სპეციალური მუსიკალური ინსტრუმენტის - დრამის დახმარებით. აღსანიშნავია ის გარემო, საიდანაც ის ერთვებოდა. სივრცე წინასწარ იყო მომზადებული აღმოსავლური ესთეტიკით, ბევრი ყვავილებით. თვითონაც ეცვა კაბა, დაახლოებით ძველი ბერძენი ქალღმერთების შესამოსელის მსგავსი. ეს ყველაფერი ქმნიდა ჯადოსნურ და მისტიურ გარემოს. სულების გამოძახების შემდეგ მან ჩაატარა პროცესი, რომელიც მიმართული იყო იმაზე, რომ მონაწილეს გაეთავისუფლებინა ის ნეგატიური ენერგია, რომელიც შეიძლებოდა მის ცხოვრებაში ამ მომენტში არსებულიყო. ცერემონიის ბოლო ფაზაში, მან ინსტრუმენტის თანხლებით მადლობა გადაუხადა მოწვეულ სულს. მთელი პროცესის განმავლობაში მოწოდება იყო ის, რომ მსოფლიოს სხვადსხვა კუთხიდან ჩართული ადამიანები მაქსიმალურად აქტიურები ყოფილიყვნენ და გამოეყენებინათ ფიზიკური მოძრაობები, რომელიც ჩათვლილია, რომ ეხმარება ენერგიას გათავისუფლებაში. შეხვედრა ტარდებოდა ზუმის ფორმატში, სადაც მონაწილეობას იღებდა 100-ზე მეტი

54


ქალი, უმეტესობას ჩართული ჰქონდა კამერა და მართლაც ჩანდა, რომ ყველა აკეთებდა მოძრაობებს, გიდირების შესაბამისად.

მონაწილეობას ამ სემინარში 5 ქართველი იღებდა, ჩემ გარდა.

სემინარის შემდეგ თავისი სოციალური ქსელის მისამართიც გაგვიზიარა ცერემონიის წამყვანმა, რომლის აღწერაშიც უწერია, რომ არის შამანი ქურუმი, მიწის სიბრძნის მცველი.

სურათი 3. ინტერნეტ პრაქტიკის ფასილიტატორის სოციალური ქსელის პროფილი



3.6 ტრანსცენდენტული გამოცდილებები

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ჩემი რესპოდენტების უმრავლესობა დაინტერესებულია შამანიზმის ახალი ფორმებით, არის ტრანსცენდენტული

55X


გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. შამანური ცერემონიებისა და პრაქტიკების ერთგვარი წარმოსახვისა და თამაშის სამყაროში შესვლის განმაპირობებელი ის მნიშვნელობებია, რომელსაც ეს ყველაფერი იძენს შამანური მოგზაურობების დროს. მოგზაურობის მთავარი დანიშნულება ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის მიღწევაა. გარე დამკვირვებლებისთვის ეს გამოცდილებები დაფარულია. ამის გამო რთული ხდება ნეო-შამანიზმის ფენომენის ბოლომდე გააზრება. ეს ხშირად სკეპტიციზმისა და სტიგმატიზაციის გამომწვევი მიზეზიცაა.

რელიგიური თუ ფსიქოდელური გამოცდილებები სხვადასხვა პრაქტიკოსის შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებულია. ერთ-ერთი ფოკუს ჯგუფის მონაწილე, 27 წლის ბესო, ამას შემდეგნაირად ხსნის:

,,თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული გრძნობითი ორგანოები გვაქვს წამყვანი. ზოგიერთი უფრო ვიზუალური ტიპისაა, ზოგისთვის კი სმენა, ან შეგრძნებაა წამყვანი. შესაბამისად ზოგიერთი შამანური მოგზაურობის დროს მეტად ხედავს, მაგრამ ვინც არ ხედავს,მან არ უნდა ჩათვალოს რომ უნარი არ აქვს. ყველას აქვს უნარი შამანური მოგზაურობის, მაგრამ ეს არის მისი ინდივიდუალური კავშირი სულების სამყაროსთან. სხვა რას განიცდის, მას არ უნდა შეედარო, თორემ მთელი მაგია დაიკარგება’’.

რამდენიმე რესპოდენტისთვის, მათივე სიტყვებით, სულიერი ძიების გზა სწორედ მაშინ დაიწყო, რაც ფსიქოდელური ნივთიერებების გასინჯვის შემდეგ ტრანსცენდენტულ სამყაროში აღმოჩნდნენ. მაგლითად თიკო (27 წლის) აღნიშნავს: ,,არ ველოდი, თუ ასეთი ხედვები მექნებოდა: უეცრად ჩემთვის ცხადი გახდა, კავშირი ყველაფერთან. გავხდი მწერი, რომელთანაც საოცარ კავშირს ვგრძნობდი და ვეკონტაქტებოდი სხვა მწერებს.’’ ეს მისთვის ის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა, რომელმაც მისივე თქმით შეცვალა სამყაროს მისეული აღქმა.

თითოეული ადამიანი განსხვავებულად აღწერს თავის გამოცდილებას, თუმცა საერთო შტრიხების დანახვაც შესაძლებელია - ესაა სამყაროს სხვადასხვა ელემენტების ურთიერთდაკავშირებულობის განცდები. 22 წლის გოგასთვის, ,,ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ნივთიერების მიღების შემდეგ გავაცნობიერე ის რასაც ეძახიან სამყაროს

56X


საკრალურ გეომეტრიას’’. არიან ისეთი რესპოდენტებიც, რომელთა შემთხვევაშიც ნაკლებად ,,ფსიქოაქტიურ’’ მცენარეებს საოცარი რელიგიური გამოცდილება არ მოჰყოლია - ,,ჩემთვის მაგალითად კაკაოს ცერემონიასაც ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორც მედიტაციას. თავიდან სწორედ მედიტაციებით დავიწყე და რამდენჯერმე პროცესში გაცილებით ძლიერი შეგრძნებები მქონდა, ვიდრე კაკაოს ცერემონიაზე’’ (საბა, 25 წლის).

ვიზუალური ,,ხედვების’’ და მძაფრი შეგრძნებების გარდა, ნეო-შამანური პრაქტიკების განსხვავებულ შედეგებზე საუბრობს 36 წლის ნიკა : ,,მაგიური პასების პრაქტიკიდან რომ გამოვდივარ ცა სხვანაირი მეჩვენება, ფერები უფრო მკვეთრია და იმხელა ძალას ვგრძნობ, რომ შემიძლია ნებისმიერი რამ გავაკეთო, მთებსაც კი გადავდგამ.’’ რესპოდენტი აქცენტს აკეთებს ფიზიკური ძალისა და ენერგიის მომატებაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რესპოდენტები ტრანსცენდენტულ გამოცდილებას იღებენ არა მხოლოდ მაშინ როდესაც ფისქოდელურ ნივთიარებებს მოიხმარენ, არამედ ნეო-შამანიზმის სხვა პრაქტიკებისასაც.


4 ნეო-შამანიზმით დაინტერესებული საზოგადოება საქართველოში

4.1 სპირიტუალიზმით დაინტერესების მიზეზები

შამანიზმი თანამედროვეობაში დაშორდა ეთნოსს და გახდა მსოფლიო კულტურის ნაწილი.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შამანიზმის პოპულარობა შესაძლებელია განპირობებული იყოს, ერთგვარი გამართლების ძიებით, რომ ნარკოტიკული საშუალებები არ არის მავნე, არამედ მისი საშუალებით უფრო ღრმა შრეები იხსნება ადამიანისთვის. ამ ვარაუდის შესამოწმებლად ჩემს რესპოდენტებს დავუსვი კითხვა:

რა იყო მათი აზრით სპირიტუალური პრაქტიკებით დაინტერესების მიზეზები ახალგაზრდებში.

57X


22 წლის მარიამი, ამბობს: ,,მერწყულის ეპოქაში რომ ვართ. გვაინტერესებს ყველაფერი არაჩვეულებრივი და არაბუნებრივი რაც ძლიერ აზროვნებას მოითხოვს.’’ ამ ციტატაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ ამ თემებით მისი დაინტერესების ინდივიდუალური ასპექტი - განსხვავებულისადმი, არაჩვეულებრივისადმი ინტერესი. 27 წლის გიორგის შეხედულებით: ,,დრო დადგა ეგეთი უბრალოდ, მარიამს ვეთანხმები მაგაში, ადამიანი რა დროშიც ცხოვრობს იმ ეპოქის "მონაა" ერთეულების გამოკლებით’’. ამ პასუხში ჩანს კიდევ ერთი მოტივაცია - რომელიც ტენდენციების მიყოლა და გარე სამყაროს გავლენებია. 39 წლის გოგასთვის მიზეზი არის ის, რომ - ,,მატერიალიზმი და თავს მოხვეული კონსუმერულობა ამოდის ყელში ნელ-ნელა კაცობრიობას და სპირიტუალიზმში ეძებს გამოსავალს’’ - აქ მოტივაციად შესაძლებელია ამოვიკითხოთ საზოგადოებრივი მოწყობის კრიტიკა. ,,სპირიტუალიზმი არის გზა რომელიც დარჩა ტექნოკრატ, მომხმარებელ საზოგადოებას რომ ბედნიერება ეძიოს. რადგან ნივთები და ფული სიხარულს აღარ ანიჭებს’’ აღნიშნავს 32 წლის ნანა. - ბედნიერებისკენ სწრაფვა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც რესპოდენტების პასუხებიდან გამოიკვეთა.

საინტერესოა, რომ ეს პასუხები ხშირ შემთხვევაში დანახულია სწორედ სპირიტუალური მსოფლმხედველობიდან.

კონკრეტულად შამანიზმით დაინტერესების მიზეზები შესაძლებელია ჩემი რესპოდენტების პირადი ისტორიებიდან გამოვიკვლიოთ. რამდენიმე მათგანი ასახელებს, რომ იყვნენ ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. იმდენად ცუდში, რომ დიდი რისკის გაღებაც კი შეეძლოთ, სწორედ ამ დროს ინტერნეტის საშუალებით იპოვეს ინფორმაცია სხვადასხვა ფსიქოდელური საშუალებების შესახებ, რომლებმაც მათზე ძლიერი გავლენა მოახდინეს - ,,სამყაროს ხედვა შეუცვალეს’’.

რამდენიმე მათგანი მეგობრების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც ისინი გართობის მიზნით, კულუბში თუ სხვა ადგილას იღებდნენ ცნობიერების შემცვლელ ნივთიერებებს და გადაწყვიტა თვითონაც გაესინჯა. გამოცდილება იმდენად ტრანსცენდენტული იყო, რომ გადაწყვიტეს უფრო ღრმად ეძიათ საკუთარი თავი და ასე აღმოაჩინეს შამანიზმის სხვა ტექნიკები, მედიტაციები და სპირიტუალიზმი.

58X


არის შემთხვევები, როდესაც რესპოდენტები პირიქით, სპირიტუალიზმით დაინტერესებამ მიიყვანა შამანიზმამდე - მაგალითად კასტანედას წიგნები წაიკითხეს. ეს მათთვის ერთგვარი ,,ექსპერიმენტი’’ იყო.


4.2 ცხოვრების წესი და ღირებულებები

საქართველოში ნეო-შამანიზმის პრაქტიკოსები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან. მათი საშუალო ასაკი 20-დან 40 წლამდე მერყეობს. ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა, რომ ოლმეკის ჯგუფში საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლები დადიან, რადგან თითოეული ჯგუფური შეკრების დროს კონკრეტული თანხის გადახდაა საჭირო. დამსწრეთა უმეტესობა მუშაობს. შეკრებებს ესწრება რამდენიმე სტუდენტიც. რაც შეეხება პირადი პრაქტიკით დაინტერესებულებს ესენი არიან თავისუფალი ცხოვრების სტილის მიმდევრები. ადამიანები, რომლებსაც სამსახური შესაძლებლობას აძლევს თავისუფლად გადაადგილდნენ. დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ მოგზაურობას. ლაშქრობას, როგორც ჯგუფთან, ისე მარტო. ამბობენ, რომ ბუნებაში თითეულ გასვლას სპირიტუალური განვითარებისთვის იყენებენ. მაგალითად ჩემი რესპოდენტი დათო (25 წლის) მიყვება, რომ მარტო იყო წარული რაჭაში, ზამთარში, მიტოვებულ სახლში ,,აქ ორი კვირა ვცხოვრობდი და ძალიან რთული იყო, თითქმის სიკვდილის პირას ვიყავი, მერე შამანებმა მიპოვეს და მანდ გაიგეს ვინ ვიყავი და რაღაცები გამიზიარეს. ესენი რუსეთიდან იყვნენ’’. - მის თხრობაში ბრუნდება ინიციაციის რთული პროცესი და ტკივილისა და შიშის განცდა, რომელიც ზოგიერთი მკვლევარის თვალსაზრისით ნეო-შამანიზმს, აბორიგენული შამანიზმისგან განსხვავებით აღარ ახასიათებს.

რამდენიმე რესპოდენტის სპეციალობა ძირითადად დაკავშირბულია კომპიუტერებთან. ისინი არიან პროგრამისტები, გრაფიკული დიზაინერები და ძირითადად ,,ფრილანსერები’’. ასევე არიან ადამიანები, ვინც სპირიტუალიზმით არიან

59X

დაკავებულები და შეუძლიათ სხვადასხვა სისტემების ცოდნით ფული გამოიმუშავონ, მაგალითად ასტროლოგები, იოგას ინსტრუქტორები. ამ უკანასკნელთათვის ,,ნეო-შამანიზმი’’ არის დამატებითი სულიერი გამოცდილებისა და ცოდნის მიღების გზა. სჯერათ, რომ ბევრი სხვადსხვა დისციპლინიდან შეგროვებული ცოდნა მეტად სრულ სახეს იძენს და ნაკლებად არიან კონცენტრირებული ერთ სფეროში გაღრმავებაზე.

ინდივიდუალურ პრაქტიკოსთა შორის არიან ისეთებიც, ვინც არ მუშაობს და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.


4.3 რელიგიის მიმართ დამოკიდებულება

რესპოდენტების უმრავლესობა სპირიტუალისტად მიიჩნევს საკუთარ თავს. ზოგიერთი მათგანი მართლმადიდებულური ეკლესიის მიმართ ღიად კრიტიკულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. მაგალითად, დათო (25 წლის) იხსენებს: ,,ადრე სტიქაროსანი ვიყავი, ჩემი ძიება ეგრე დაიწყო, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები დავინახე ეკლესიის შიგნით, რომ მივხვდი მაქედან ვერაფერს ვისწავლიდი’’. გოგა (22 წლის) მიიჩნევს, რომ ეკლესიაში ცოდნას ვერ იღებდა. პირიქით, მისი სიტყვებით, ,,რელიგია ტვინს გვირეცხავს, თითქოს ადამიანი პირადპირი გზით ვერ მისწვდება ცოდნას და მხოლოდ პრივილეგირებულებისთვისაა’’. შედარებით რბილი დამოკიდებულება აქვს ნინოს (39 წლის), რომელიც თვლის, რომ ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი გამოცდილება რაღაცის მასწავლებელია. ,,ყველას თავისი გზა აქვს, ვისაც სურს, რომ ეკლესიაში იაროს კიბატონო, როგორც ჩანს, ის ამით იღებს გამოცდილებას, საერთოდ ეტაპები არსებობს განვითარების და ამის გამო არავინ არ უნდა ჩათვალო უფრო განუვითარებლად.’’ ნინოს პასუხს რამდენიმე სხვა რესპოდენტიც იზიარებს. ისინი თვითონ ემიჯნებიან რელიგიურობას, ფიქრობენ, რომ რელიგიური გამოცდილება პრივატული სფეროს ნაწილია, მაგრამ ამასთანავე არ განსჯიან მათ, ვინც ,,ეკლესიურია’’.

60X


არიან ისეთი ახალგაზრდებიც, ვინც ქრისტეს და ზოგიერთ აღმოსავლელ გურუს ზეადამიანებად მიიჩნევენ. მათ უწოდებენ მასწავლებლებს, რომლებიც არაჩვეულებრივი მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს სულიერად უფრო განვითარებული. ზურა (26 წლის) რომელიც ნეო-შამანიზმის პრაქტიკებს იყენებს, ამბობს რომ „ქრისტეს სწავლება ჩემთვის არის სულიერი განვითარების ერთ-ერთი გზა ადამიანისთვის, ვისაც გაგება შეუძლია’’.

კითხვაზე: თვლით თუ არა თავს რელიგიურ ადამიანად, რესპოდენტები განსხვავებულად მპასუხობენ, თუმცა ყველა მათგანი ემიჯნება ტრადიციულ ეკლესიურობას: ,,ჩემს თავზე თუ ვიტყვი, ღმერთის მიმართ მაქვს პროტესტი, ასე ვხედავ. რადგან ისეთი რეალობა შექმნა, როგორშიც ვართ. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავანადგუროთ, რაც წინ გადაგვეღობება, საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.’’ (დათო, 25 წლის). ციტატაში დაშვებულია ,,ღმერთის’’, ტრანსცენდენტული ძალის, არსებობის იდეა. მიუხედავად იმისა, რომ რესპოდენტი გამოხატავს თავის პროტესტს, მაინც აქვს გარკვეული რწმენები. მისი პასუხიდან ისიც ჩანს, რომ ემიჯნება ეკლესიურობას. ეკლესიისადმი უნდობლობა ჩანს 39 წლის ნინოს პასუხშიც, თუმცა შეგვიძლია განსხვავებული აქცენტებიც დავინახოთ. ,,ჯვარს დღემდე ვატარებ, ვთვლი, რომ რელიგიური ადამიანი ვარ. შეუძლებელია ეს საოცარი კავშირები სამყაროში თავისით ხდებოდეს. თუმცა ძალიან დიდი ხანი მქონდა გართულება სამღვდელო პირებზე.’’ მისთვის შამანურ პრაქტიკებში მონაწილეობა არ გამორიცხავს რელიგიურობას. თითოეული კვლევის მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის განცდა და ტრანსცენდენტული გამოცდილება, რომელსაც ტრადიცული რელიგიური ინსტიტუციებისგან ვერ იღებენ.

თანამედროვე სპირიტუალურ პრაქტიკებში, მონაწილე თავად არის მოქმედი პირი. ამის მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ დღევანდელ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანის ფიქრის პროცესია ასეა მოწყობილი - თუ არაფერს აკეთებ, არც მოელი, რომ სანაცვლოდ რამეს მიიღებ, თუნდაც რელიგიურ გამოცდილებას. ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე სპირიტუალიზმისთვის. თუკი ტრადიციულ რელიგიურობას რელიგიურ გამოცდილებაზე მეტად აინტერესებს ტრადიცია, რომელიც მას მოყვება, სპირიტუალიზმი არის მუდმივი მცდელობა ინდივიდი დაუბრუნოს პირველად

61X


რელიგიურ განცდას. შესაბამისად აუცილებელი ხდება რელიგიამ მიიღოს ისეთი ფორმა, რომელშიც ინდივიდები თვითონ იქნებიან აქტორები. ეს თავის მხრივ განაპირობებს ავტორიტეტების მნიშვნელობის დაკნინებას. მიუხედავად იმისა, რომ სპირიტუალიზმში მაინც არსებობენ ავტორიტეტები, ან პრაქტიკის წამყვანები, ისინი თავის მხრივ არ არიან იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანია თავად პრაქტიკა, ან რიტუალი.


დასკვნა

წინამდებარე ნაშრომის მიზანი იყო საქართველოში ნეო-შამანიზმის შესწავლა. უფრო კონკრეტულად კი, კვლევის საფუძველზე უნდა დაგვედგინა, შამანიზმის რა ფორმები გვხვდება საქართველოში. როგორია შამანის როლი და რა გავლენას ახდენს შამანიზმის ფილოსოფიის გაზიარება ქართველი ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხდება თუ არა პრაქტიკებში ფსიქოდელური ნივთიერებების გამოყენება, რამდენად მოგვცა ურბანულმა შამანიზმმა, როგორც სპირიტუალიზმის მიმართულებამ, მოდერნულ საზოგადოებასთან შერწყმის ხარჯზე გართობის ახალი ფორმა და არის თუ არა ის დაკავშირებული სულიერებასთან, შეცვლილ ცნობიერებასთან, ექსტატურ რელიგიურ გამოცდილებასთან.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში შამანიზმის გამოვლინების სხვადასხვა ფორმები არსებობს, თუმცა ყველა მათგანი შეგვიძლია მივაკუთვნოთ ნეო-შამანიზმს. რომელიც თავისმხრივ წარმოადგენს აბორიგენული შამანიზმის ინტერპრეტაციას და ერწყმის სხვა სპირიტუალურ და ფსიქოთერაპიულ მეთოდებს. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართველ ახალგაზრდებში შამანის როლის აღქმა. იგი ჩათვლილია მასწავლებლად, თუმცა აქცენტი გადატანილია პირად ტრანსცენდენტულ გამოცდილებაზე, რომელსაც შუამავალი არ სჭირდება. ეს აბორიგენ შამანს აცლის ,,ტრანსში გადასვლის ოსტატის’’ გამორჩეულობისა და ზებუნებრივობის აურას.

62X


საქართველოში შამანიზმის ჯგუფური პრაქტიკები უკავშირდება ოლმეკის სახელს, რომელიც თავის ლეგიტიმაციას რეინკარნაციის იდეაზე აპელირებით ახდენს. აღნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ამერიკელი შამანი იყო. მისი ჯგუფი კვირაში ერთხელ იკრიბება და აკეთებენ სხვადასხვა პრაქტიკებს, რომლებიც ძირითადად შამანიზმის კასტანედასეულ ინტერპრეტაციას ეყრდნობა. ჯგუფური პრაქტიკებიდან სრულიად ამოღებულია ფსიქოდელური ნივთიერებების მიღება და არ მოიცავს შამანურ ცერემონიებს და მოგზაურობებს. პრაქტიკები უფრო მეტად მიმართულია ენერგიის შენარჩუნებისა და გაძლიერების ვარჯიშებზე.

დღეს საქართველოში ისეთი საჯარო შეკრებების არარსებობის მიზეზი, რომელიც მოიცავს შამანურ მოგზაურობებს და ტრანსს, არის ის, რომ ჰალუცინოგენი ნივთიერებების გამოყენება კანონით აკრძალულია. ამის გამო ნეო-შამანიზმის ქართულ ფორმებში განვითარდა პრივატული ჯგუფური პრაქტიკები, რომელიც მოიაზრებს მათ შორის ფსიქოდელური ნივთიერებების დახმარებით შამანურ მოგზაურობებს. გარდა ჯგუფური პრაქტიკებისა, ასევე ვხვდებით ინდივიდუალურ პრაქტიკოსებს, რომელთათვისაც შამანური მეთოდები სპირიტუალური ძიების ნაწილია, ეს უკანასკნელნი მეტად არიან გათვითცნობიერებული სხვადასხვა ტრადიციის აბორიგენული შამანიზმის წესებსა და სიმბოლიკაში, ვიდრე ისინი, ვინ ჯგუფური პრაქტიკებით არიან დაკავებულნი.

ერთი შეხედვით ნეო-შამანური ცერემონიები წარმოდგენისა და გართობის სახეს ატარებს და ეს ხშირად რეალურად ასეცაა. რესპოდენტები თვლიან, რომ სპირიტუალური გაცნობიერებების ერთ-ერთი გზა სიხარული და ცხოვრების ნაკლებ სერიოზულად მიღებაა. ქართულ ნეო-შამანიზმში ერთმანეთს ერწყმის გართობა და სულიერი ძიება.

ნეო-შამანური პრაქტიკები კარგად ასახავს ურბანულ სივრცეში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობებს. ეს არის ერთგვარი გაშუქება იმ საკითხებისა, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ეჩეხებიან. კვლევა აჩვენებს, რომ მსგავს პრაქტიკებში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს უმუშევრობის პრობლემა, რომელიც ფსიქოლოგიურ დონეზე არარეალიზებულობის განცდას ქმნის. ეს

63X


ბადებს მისტიურ სამყაროებთან დაახლოების სურვილს. ასევე შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალგაზრდებს აქვთ სურვილი მიეკუთვნებოდნენ დასავლურ კულტურულ ტრადიციას. ამას ვასკვნი იქედან გამომდინარე, რომ ჩვენშიც დამკვიდრებულია შამანის, როგორც ,,ამერიკელი აბორიგენის’’ ,,კეთილი ველურის’’ წარმოსახვითი კონსტრუქტი, რომელიც ცალსახად ახალი ერის სპირიტუალიზმის დისკურსების ნაწილია. შამანიზმით დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდები თითქმის არ იცნობენ იმას, რასაც მეცნიერთა ნაწილი შამანიზმის კავკასიურ გამოვლინებას უწოდებს. მაგალითად, ძალიან ზედაპირული ინფორმაცია აქვთ ხევსურეთში ,,ქადაგების’’ არსებობის შესახებ.

საინტერესო ფაქტია, რომ ის რაც ამერიკასა და ევროპაში 1960-იან წლებში იყო პოპულარული, საქართველოში დღეს ექცევა ინტერესის სფეროში, სეკულარიზაციის, რაციონალიზაციისა და კონსუმერიზმის პარალელურად. ამ ყველაფერს სოციალური კონტექსტიც აქვს, რომელიც მოიცავს ინსტიტუციონალური რელიგიისადმი კრიტიკას. „დაგვიანებული პოპულარობის“ ერთერთი მიზეზი შეიძლება იყოს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ასევე შამანიზმზე ლიტერატურის ქართულად თარგმნა. რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართულ ეზოთერულ გვერდებსა და ფორუმებს. ეს უკანასკნელნი შამანიზმის გამოვლინების ერთ-ერთი მნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენენ. რესპოდენტთა უმრავლესობამ საკუთარი ჯგუფის წევრები და საერთო ინტერესის მქონე ადამიანები სწორედ ინტერნეტით აღმოაჩინეს.

ნეო-შამანიზმი პრაქტიკოსთა უმეტესობისთვის არის პიროვნული ზრდის, თვითგანკურნების, ემოციურად და მენტალურად გაძილერების, სტრესების დაძლევის საშუალება. ეს ყველაფერი ხდება ინდივიდუალიზმით, გართობითა და ცნობიერების განვითარებისკენ სწრაფვით ერთდროულად, რაც უდაოდ განასხვავებს თანამედროვე შამანურ პრაქტიკებს უძველესი აბორიგენული კულტურების შამანიზმის ფორმებისაგან.

შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართული ნეო-შამანიზმი ,,უხილავი რელიგიის’’ გამოვლინებაა, რომელიც მაქსიმალურად ინდივიდუალისტურია (Luckmann, 1967). მიუხედავად იმისა, რომ ურბანული შამანიზმი მოიაზრებს გარე ტრანსცენდენტული

64X

ძალების არსებობას, პრაქტიკოსების აქცენტი ყოველთვის მეტად შინაგან ტრანსფორმაციაზეა მიმართული.

კვლევაში აღწერილია ნეო-შამანიზმი, როგორც კულტურული ევოლუციის მუდმივი პროცესის შედეგი დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში. ეს არის მიმღები კულტურა, რომელიც ითვისებს ადგილობრივ, გავრცელებულ, მსოფლმხედველობებს. ქართულ შემთხვევაში მაგალითად: ქრისტიანულ ნარეტივებს, გარდაქმნის და საკუთარი სამყაროს ხედვას არგებს მათ. ამიტომ მასში კარგად გამოიკვეთება ურბანული სივრცის მცხოვრებლების სოციო-კულტურული კონტექსტები.

კვლევის სამიზნე ჯგუფი 20-40 წლამდე ახალგაზრდებს მოიცავდა და უკლებლივ ყველა სპირიტუალიზმით, როგორც ინდივიდუალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობით, იყო დაინტერესებული. რა თქმა უნდა, ეს საკითხი საჭიროებს შემდგომ კვლევას, თუმცა, შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ სამომავლოდ გაიზრდება ინტერესი ინდივიდუალური რელიგიური გამოცდილებებების მიმართ. ინდივიდი გარე დამკვირვებლის პოზიციაში კი არ იქნება, არამედ აქტორისა. რელიგიური ავტორიტებები (და არა აუცილებლად) კი მათ ამ გამოცდილების განცდის გზაზე დაეხმარებიან და გაუწევენ მეგზურობას.

65X


ბიბლიოგრაფია

კიკნაძე, ზურაბ. 2013 - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიური სისტემის ქრისტიანული სუბსტრატი http://saunje.ge/index.php?id=1435&lang=ka (26.06.2020)

ნიორაძე, გიორგი. 1940. ,,მიცვალებულთა ჰაერზე დამარხვა’’. მოამბე V-VI: 57-81 Atkinson, Jane. 1992. "Shamanisms today." Annual Review of Anthropology 21, no. 1. 307-330. Barker, Eileen. 2004. “The Church Without and the God Within. Religiosity and/or Spirituality’’, in: D. Marinovic Jerolimov, S. Zrinscak and I. Borowik (ed.), Religion and Patterns of Social Transformation. Zagreb: IDZ. 23–47. Berman, Michael. 2009. “Shamanic journeys through the Caucasus.’’ London: John Hunt Publishing.

Bleichsteiner, Robert. 1936. “Rossweihe und Pferdererennen in Totenkult der kaukasischen’’ Völker. Wiener Beiträge zur Kulturgeschichte und Linguistik IV: 413-495. Bochinger, Christoph. 1994. "New Age" und moderne Religion: Religionswissenschaftliche Perspektiven. Kaiser/Gütersloher Verlagshaus. Boekhoven, Jeroen. 2011. Genealogies of Shamanism: Struggles for power, charisma and authority. Groningen: Barkhuis. Braude, Ann. 2001. “Radical Spirits: Spiritualism and Women's Rights in Nineteenth-Century America,” Second Edition. Bloomington: Indiana University Press. Bulgakova, Tatiana. 2001. “Shaman on the stage (shamanism and northern identity)”. Pro ethnologia, vol. 11. 9–24. Burney, CA-Lang. 1973. "DM 1971 The Peoples of The Hills: Ancient Ararat and Caucasus." London: Phoenix Press.

66X


Bužeková, Tatiana. 2010. "The Shaman's Journeys between Emic and Etic: Representations of the Shaman in Neo-Shamanism." Anthropological Journal of European Cultures 19, no. 1. 116-130. Carrette, Jeremy R. and Richard King. 2005. “Selling spirituality: The silent takeover of religion.” London: Psychology Press.

Carroll, Bret. 1997. Spiritualism in Antebellum America. (Religion in North America). Bloomington: Indiana University Press. Chapin, David. 2000. "The Fox Sisters and the performance of mystery." New York History 81, no.2

Charachidzé, George. 1968. Le système religieux de la Géorgie païenne: analyse structurale d’une civilisation. Paris: Maspero.

Connolly, Peter. 1999. Approaches to the Study of Religion. London and New York: Cassell.

Eliade, Mircea. 2004. “Shamanism: Archaic techniques of ecstasy.” Vol. 91. Princeton University Press.

Flaherty, Gloria. 1992. "Herder on the Artist as Shaman." Maryland: The John Hopkins University Press. Hamayon, Roberte. 2007. "Pokonchit's terminami ‘trans'i ‘èkstaz'shamanizma v issledovanijah." Institute of Ethnology & Anthropology, Russian Academy of Sciences Harner, Michael J., Jeffrey Mishlove, and Arthur Bloch. 1990. “The way of the shaman.” San Francisco: Harper & Row. Harner, Sandra and Warren Tryon. 1996. "Psychological and immunological responses to shamanic journeying with drumming." Heelas, Paul and Linda Woodhead. 2005. “The Spiritual Revolution. Why Religion is Giving Way to Spirituality.” Oxford: Blackwell.

67X


Heelas, Paul. 1996. “The new age movement.” Oxford: Blackwell. Heelas, Paul. 2009. “Spiritualities of Life. New Age Romanticism and Consumptive Capitalism.” London: John Wiley & Sons. Hess, David. 1993. “Science In The New Age: The Paranormal, Its Defenders & Debunkers.” University of Wisconsin Press. Hobson, Geary. 1978. “The Rise of the White Shaman as a New Version of Cultural Imperialism.” Red Earth Press. Hoppál, Mihály. 2000. “Studies on mythology and Uralic shamanism.” Akademie Kiadó. Hutton, Ronald. 2007. “Shamans: Siberian spirituality and the Western imagination.” A&C Black,. Kanovský, Martin. 2003. "Two kinds of explanation in social anthropology: An illustration from Storoznycja, Ukraine." Anthropological Journal on European Cultures. Kehoe, Alice. 2004. "Testing for “ShaDlanic Trance” in Rock Art: A Comment on Greer and Greer." Plains Anthropologist 49, no. 189. Kent, Jane. 2016. The Goddess and the Shaman: The Art & Science of Magical Healing. Llewellyn Publications. Kharitonova, Valentina. 2007. "Theoretical issues in research on Shamanism." Ètnografičeskoe obozrenie. Krippner, Stanley. 2002. "Conflicting perspectives on shamans and shamanism: Points and counterpoints." American Psychologist 57, no. 11. Lau, Kimberly. 2015. “New age capitalism: making money East of Eden.” University of Pennsylvania Press.

68X


Leonard, Todd. 2005. “Talking to the Other Side: a History of Modern Spiritualism And Mediumship: A Study of the Religion, Science, Philosophy And Mediums That Encompass This American-made Religion.” iUniverse. Lindquist, Galina. 1997. “Shamanic perormances on the urban scene: neo-shamanism in contemporary Sweden.” Stockholm University Press. Luckmann, Thomas. 1967. "The invisible religion: The problem of religion in modern society." Nueva York, The Macmillan Company. Luckmann, Thomas. 1972. ,,The invisible religion’’ New York The Macmillan Company,, Rindfleish, Jennifer. 2005. "Consuming the self: New age spirituality as “social product” in consumer society." Consumption, Markets and Culture 8, no. 4. Roof, Wade. 1999. “The Post-War Generation and Establishment Religion.” Cross-Cultural Perspectives. Westview Press.

Sanson, Irine. 2012. “Taking the spirits seriously: Neo-shamanism and contemporary shamanic healing in New-Zealand.” Auckland University, New Zealand. Segalen, Martine. 2013. “Modern Rites and Rituals.” Paris: Armand Colin. Stuckrad, Kocku. 2005. “Condtructions, Normativities, Identities: Recent Studies on Shamanism and Neo-Shamanism’’ Religious Studies Review 31, no. 3 Stuckard, Kocku. 2002. "Reenchanting nature: Modern Western shamanism and nineteenth-century thought." Journal of the American Academy of Religion 70, no. 4 Townsend, Joan. 1997. "Shamanism.’’ Anthropology of Religion: A Handbook, edited by Stephen Glazier. Westport, Conn: Greenwood. Townsend, Joan. 2004. "Individualist Religious Movements: Core and Neo‐shamanism." Anthropology of consciousness, no. 1.

69X


Townsend, Joan. 1988. "Neo-hamanism and the modern mystical movement." Shaman’s path: Healing, personal growth and empowerment. Boston: Shambhala. Townsend, Joan. 1999. "Western contemporary core and neo-shamanism and the interpenetration with indigenous societies." In Proceedings of the International Congress “Shamanism and Other Indigenous Spiritual Beliefs and Practices, vol. 5, no. 2. 223-31. Townsend, Joan. 1984. "Shamanism, religious change and revitalization movements in the north." Social Sciences in the North, communicating northern values, Association Universitaire Canadienne d'Itudes Nordiques, Publication occasionnelle. 41-56. Tuite, Kevin. 2004. "Hunter, shaman, oracle, priest: An ethnohistorical overview of inspirational practices in highland Georgia." http://www.mapageweb.umontreal.ca/tuitekj/publications/ShamanismAcetates.pdf Vinogradov, Andrei. 2002. "The Role and Development of Shamanistic Discourse Among Southern Siberian Ethnic Groups in the Post-Soviet Period." Anthropology of East Europe Review 20, no. 2 (2002): 109-117. Walter, Mariko Namba, and Eva Jane Neumann Fridman. 2004. Shamanism: An encyclopedia of world beliefs, practices, and culture. Vol. 1. ABC-Clio. Weil, Andrew. 1988. "Persephone's Quest: Entheogens and the Origins of Religion." Journal of Psychoactive Drugs, 20:4, 489-490. Znamenski, Andrei. 2007. “The beauty of the primitive: Shamanism and the western imagination.” Oxford University Press.

70X


დანართი

დანართი 1. დარბაზი, რომელშიც ტარდება ,,მაგიური პასები’’




დანართი 2. სანაყი ცერემონიული მცენარეებისთვის

71X


დანართი 3. კაკაოს მომზადების პროცესი შამანური ცერემონიისთვის

No comments:

Post a Comment